წყლის ტარიფის ცვლილება ბინის გამქირავებლებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც სრულად აქირავებენ ბინას სხვადასხვა მიზნებით, არ შეეხებათ. წყლის ტარიფის ცვლილება ვრცელდება საოჯახო ტიპის სასტუმროებზე, - ამის შესახებ სემეკის კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა დღეს, საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით გამართული პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ფანგანის განმარტებით, არსებული კანონმდებლობა არ იძლეოდა მკაფიო პასუხებს საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფის დარიცხვასთან დაკავშირებით. სწორედ ამან განაპირობა გასულ წელს GWP-ის მიერ საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის წყლის არასაყოფაცხოვრებო ტარიფის დარიცხვა.
„საკითხის შესწავლის შემდეგ ჩავთვალეთ, რომ არსებული მიდგომა არ იქნებოდა სწორი. რადგან ადგილი აქვს შერეული ტიპის მოხმარებას, შევიმუშავეთ ჰიბრიდული ტარიფი. როგორც ვნახეთ, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ წყლის მოხმარება თვეში საშუალოდ არის 15-16 მ3. 20 მ3-მდე განვსაზღვრეთ ზედა ზღვარი. 20 მ3 -ის ფარგლებში ყველა საოჯახო სასტუმრო გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო ამ ზღვრის ზემოთ არასაყოფაცხოვრებო ტარიფით, ანუ პირობითად, თუ წყლის მოხმარება თვეში 25 მ3 -ია, აქედან 20 მ3 -ის ღირებულებას გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით, დანარჩენ 5 მ3 -ს კი არასაყოფაცხოვრებო ტარიფით“,- განაცხადა გიორგი ფანგანმა.
მისივე თქმით, სემეკი გააგრძელებს საკითხის სამუშაო რეჟიმში განხილვას და შესაძლოა სემეკის მიერ დადგენილი ნიშნული შეიცვალოს.