თბილისი - ეკლესიების ქალაქი, რომელიც შორსაა ამერიკული ოცნებისგან. "თბილისში საოცარი მზეა. აისისა და დაისის დროს მზის სხივები მრავალრიცხოვანი ეკლესიების სახურავებზე ირეკლება. ქალაქს ირგვლივ მთები აკრავს. ჰაერი გამჭვირვალეა, სუფთა, კვიპაროსებისა და ფიჭვის არომატით გაჟღენთილი, რომელიც დილის ნიავს მოაქვს. ჩემი სასტუმრო ავლაბარშია. აივნის კარს ვაღებ და ქალაქ გავყურებ", - ასე იწყება სტატია, რომელიც ლიბანურ გამოცემა «Raseef»- ში გამოქვეყნდა. მასში ლიბანელი ტურისტი ქალის ლინა აბდურაჰმანის შთაბეჭდილებებია გადმოცემული.
პუბლიკაციაში აღწერილია ძველი ქალაქის უბნები და ღირშესანიშნავი ადგილები: მეიდანი, დარეჯან დედოფლის სასახლე, აბანოთუბანი, ნარიყალა, მშვიდობის ხიდი და ა.შ."მშვიდობის ხიდთან რიყეს პარკია გაფენილი, მტკვრის პირას. აქ ყველაფერია ბავშვებისა და უფროსებისათვის. რაც შეეხება მშვიდობის ხიდს, მსგავსი არაფერი მინახავს და შედევრად ვთვლი", - წერს ლინა აბდურაჰმანი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პოლიციის თანამშრომლებზე და აღნიშნავს, რომ ისინი ტურისტების უსაფრთხოებას იცავენ.
"საბაგირო გზით ნარიყალაზე ავედი, "ქართვლის დედასთან". ზემოდან თბილისის მთელ სილამაზეს ნახავთ. ქალაქი თითქოს ღმერთს შეუქმნია: უყურებ და თავს მსუბუქად გრძნობ. ვრწმუნდები, რომ დედამიწაზე არსებობს ადგილი, სადაც ჭუჭყს, კვამლს და სმოგს ჯერ არ მიუღწევია", - აღნიშნავს ავტორი.
"საქართველოში მნიშვნელოვანია იპოვო ისეთი ადამიანები, რომლებსაც ინგლისურ ენაზე ლაპარაკი შეუძლიათ. ეს ყოველთვის ადვილი არ არის: უფროსი თაობის ადამიანები, რომელთა ასაკი 50 წელზე მეტია, რუსულად საუბრობენ, ახალგაზრდების უმრავლესობას კი ძირითადად მხოლოდ მშობლიურ ენაზე ლაპარაკი შეუძლია. პრინციპში, ინგლისური ენის არცოდნა აქ ცოტას თუ ვინმეს აღელვებს, რადგან საქართველო მაინცდამაინც არ არის ამერიკის დიდი ფანატი და მიმბაძველი. ამ კავკასიურ ქვეყანაში მიღებული არაა, რომ ყველაფერი გადმოიღონ ამერიკული ან დასავლური ცხოვრების წესიდან. მაგალითად, საქართველოში იშვიათად შეხვდებით "მაკდონალდსს" და სწრაფი კვების სხვა ობიექტებს. აქ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს პატარა რესტორნები ტრადიციული ქართული სამზარეულოს კერძებით.
ქართველებზე, ცხადია, გავლენა მოახდინა ხანგრძლივმა კომუნისტურმა ეპოქამ, რაც ბევრ დეტალშია შესაჩნევი, ვთქვათ, იმ უბრალოებისკენ მიდრეკილებაში, რაც მათ გარეგნულ მხარესა და ქცევაში გამოიხატება. გარდა ამისა, ამას სამუშაო კვირის ხანგრძლივობაც მოწმობს: ქართველები, მამაკაცებიც და ქალებიც, კვირაში ექვს დღეს მუშაობენ და სამუშაო ცხრა საათს გრძელდება. ასევე იგრძნობა დიდი მაღაზიების ნაკლებობა, რომელიც ძირითადად მხოლოდ "თბილისი-მოლით" და "ისთ პოინტით" ამოიწურება.
მარჯანიშვილის ქუჩაზე მეტროს მეშვეობით მოვხვდი. ალბათ, აუცილებელია ვთქვა, რომ თბილისი მეტროპოლიტენი საკმაოდ ძველია. მიწისქვეშა გვირაბებში ხშირად ნახავთ მაღაზიებს, რომლებიც ადგილობრივი პროდუქციით ვაჭრობენ, ასევე მეორადი იაფფასიანი ფეხსაცმლით და ტანსაცმლით.
ქუჩა, რომელზეც მეტროდან ამოვედი, ერთი შეხედვით, ევროპულ ქალაქთა ძველ ქუჩას მოგვაგონებს, XVIII-XIX საუკუნებისას. შენობათა ფასადები ძალიან ჰგავს პარიზულ ბალკონებს, მათში შეიძლება ფაქიზი მოტივებიც შევამჩნიოთ, რომლებიც იტალიური არქიტექტურითაა გამოხატული.
გარდა ამისა, იქვე ახლოს დიდი პარკიც მდებარეობს, სადაც, ქართველების გარდა, ბევრ უცხოელსაც ნახავთ.
მარჯანიშვილის ქუჩაზე თქვენ თვალის ერთი გადახედვით შეამჩნევთ, რომ აქ არაბები ხშირი სტუმრები არიან. ისინი საქართველოში ბოლო დროს ხშირად ჩადიან. აქ მდებარე რესტორნებში შეგიძლიათ ნახოთ არაბული წარწერები. გახსნილია აგრეთვე თურქული და ერაყულ-ლევანტიური რესტორნები, სადაც არაბულ ტრადიციულ კერძებს შემოგთავაზებენ...