ქვეყანაში სამუშაო ძალის კლების ტენდენცია აშკარაა, რისი ძირითადი მიზეზებია: შობადობის დაბალი მაჩვენებელი, მიგრაცია და მოსახლეობის დაბერების მაჩვენებლის ზრდა.როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საქმე ისე მიდის, რომ სამომავლოდ შეიძლება სამუშაო ადგილები გაჩნდეს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა საკმარისი არ აღმოჩნდეს მათ დასაკავებლად.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა", "ფინანსური განათლების ცენტრთან" ერთად, ქვეყანაში არსებული სამუშაო ძალის მდგომარეობა მიმოიხილა. როგორც კვლევამ აჩვენა, ამ კუთხით კლების ტენდენცია შეინიშნება.
შობადობა 1995-2002 წლებში ყოველწლიურად, საშუალოდ, 3%-ით მცირდებოდა, რამაც დღეისათვის შეამცირა იმ ადამიანთა რაოდნეობა, ვინც ჩართული უნდა ყოფილიყო ეკონომიკურ საქმიანობაში. ყოველწლიურად იზრდება ემიგრანტთა რიცხვი. 2002 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ქვეყნიდან გასულია დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი, რომელთა დაახლოებით 20% ფლობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომს, ხასიათდება მაღალი ადამიანური რესურსით, არის შრომისუნარიანი და შეეძლო, საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.
აღსანიშნავია მოსხალეობის დაბერების ტენდენციაც. 2010-2017 წლებში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში ყოველწლიურად, საშუალოდ, 0.4%-ით იზრდებოდა და, 2017 წლის მდგომარეობით, 14.6% შეადგინა. ანალოგიური მაჩვენებელი მსოფლიოსთვის, საშუალოდ, 8.7%-ია.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ქვეყნის შიგნით სამუშაო ძალის შემცირების მიზეზთა კომპლექსურობაზე საუბრობს. მისი თქმით, ემიგრაციაში მიდიან არა მხოლოდ ისინი, ვინც საქართველოში სამუშაო ადგილებს ვერ პოულობენ, არამედ ის მოქალაქეებიც, რომელთაც უფრო მაღალი ანაზღაურება და უკეთესი პირობები სურთ. ამ პროცესს ვიზალიბერალიზაციაც უწყობს ხელს.
"სამუშაო ძალა მცირდება მოსახლეობის შემცირების პროპორციულად. ამის ერთ-ერთი მიზეზია უკეთესი, უფრო ღირსეული სამსახურის ძიება, ანდა ნებისმიერი სამუშაოს პოვნის სურვილი, რასაც ძალიან ბევრი მოქალაქე ვერ ახერხებს საქართველოში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენთან დაბალი შემოსავალი და ცხოვრების არასახარბიელო პირობებია. ამიტომ ათიათასობით ადამიანს უცხოეთისკენ უჭირავს თვალი. ამას ხელი შეუწყო ახალმა მოვლენამ, ევროკავშირთან ხელმოწერილმა ასოცირების ხელშეკრულებამ, რამაც გააადვილა ლეგალურად დასაქმება ან წასვლა და იქ არალეგალურად დარჩენაც. ეს არის კომპლექსურად იმ პრობლემათა ჩამონათვალი, რაც ქვეყნის შიგნით სამუშაო ძალას ამცირებს", - აღნიშნა სილაგაძემ "რეზონანსთან".
აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის გარეთ სამსახურის საძებნელად წასული მამაკაცების 80% და ქალების 68% 40 წელს არ არიან მიღწეული.
ანალიტიკოსი თათული დუშუაშვილი არსებული ვითარებიდან გამოსავლის ერთ-ერთ გზად მაღალპროდუქტიული სექტორებისა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას მიიჩნევს.
"2017-2018 წლების მონაცემებით, სამუშაო ძალა მცირდება ქვეყანაში. ადამიანური კაპიტალი რაც უფრო მეტია, მით უფრო მეტის წარმოებაა შესაძლებელი და, შესაბამისად, მით მეტია ეკონომიკური ზრდაც. ჩვენთან კი უკუპროცესი მიმდინარეობს.
მიზეზებს შორის, რა თქმა უნდა, პირველია 1.4 მლნ მიგრანტი, რომლებიც ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გავიდნენ. მათგან დაახლოებით 20% უმაღლესი განათლებითაა, მათი 66% 40 წლამდეა, ანუ ისინი არიან შრომისუნარიანი და ამავე დროს რეპროდუქციულად აქტიურ მოსახლეობას მიეკუთვნებიან. ეს არის დიდი გამოწვევა ქვეყნისათვის.
გამოსავალი, პირველ რიგში, ქვეყანაში დარჩენილი ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლება და შემდგომი დასაქმებაა. ყურადღება უნდა გამახვილდეს მაღალპროდუქტიულ სექტორებსა და პროფესიულ განათლებაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიგრანტებში ასეთი სურათია: მამაკაცთა 80% არის 40 წელს ქვემოთ, ხოლო იმავე ასაკის ემიგრანტ ქალების წილი 68%-ია. ტენდენცია აჩვენებს, რომ ქალები უფრო მეტად შუა ასაკის შემდეგ მიდიან უცხოეთში", - აღნიშნა "რეზონანსთან" დუშუაშვილმა.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"