1-ლი იანვრიდან ამოქმედებულმა ახალმა საბანკო რეგულაციებმა ტექნიკის ბაზრის 2 მსხვილ მოთამაშეს გაყიდვების მაჩვენებელი 50%-ით შეუმცირა.
ამასთან, „ბეკომ“ პროდუქციაზე ფასები შეამცირა, „ტექნო ბუმმა“ კი რეგიონებში ფილიალები დახურა. ბიზნესი გამოსავალს ეძებს, ეროვნული ბანკი კი ამ დროს რეგულაციების გავლენაზე საკუთარი შეფასებების გაკეთებას რატომღაც არ ჩქარობს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა.
ახალმა რეგულაციამ მყისიერი გავლენა მოახდინა ტექნიკის ბაზარზე. 2 თვის თავზე კომპანია „ბეკოს“ პროდუქციის გაყიდვები 50%-ით შეუმცირდა. როგორც „ბეკოს“ გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, რეალიზაციის მაჩვენებელმა ძირითადად რეგიონებში იკლო.
„რეგიონებში მოსახლეობის უმრავლესობა თვითდასაქმებულია, შესაბამისად, მათთთვის საფინანსო ინსტიტუტისთვის რაიმე შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ძალიან რთულია. ამის გამო, განვადებები მათ უმრავლესობას არ უმტკიცდება.“- განაცხადა მეჰმედ მელექმა.
„ბეკოს“ გენერალური დირექტორის თქმით, კომპანიას რეალიზაციის შემცირების ფონზე ფასების დაკორექტირებაც მოუხდა. მეჰმედ მელექის თქმით, ღირებულება პროდუქციის უმრავლესობაზე 10%-მდეა შემცირებული.
„საბანკო რეგულაციები საკმაოდ მკაცრი აღმოჩნდა, მაშინვე გაჩერდა ჩვენი მუშაობა. იძულებული გავხდით, რომ ფასები შეგვემცირებინა, რათა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო პროდუქცია. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე ვაკეთებთ,“-განაცხადა „ბეკოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა.
გაყიდვების 50%-იან შემცირებაზე საუბრობენ „ტექნო ბუმშიც“. კომპანიის დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამის გამო რეგიონებში 4 მაღაზიის დახურვა მოუწიათ.
„ამ რეგულაციების შედეგად 4 მაღაზია დავხურეთ. ფილიალები დაიხურა - თელავში, ლანჩხუთი, ზუგდიდში, ქობულეთში. თანამშრომლების ნაწილი სხვა მაღაზიებში გადავანაწილეთ, ნაწილმა კი, ვინც უარი თქვა სხვა ქალაქში გადასვლაზე, გაშვება მოგვიწია“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ქოქოლაძემ.
მიუხედავად ამ შედეგისა, ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკუთარი შეფასების წარდგენას ჯერჯერობით არ გეგმავს. როგორ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გუშინ პარლამენტში განაცხადა, არსებული სტატისტიკური მონაცემები დასკვნების გაკეთებისთვის ნაადრევია.
„ის სტატისტიკური ინფორმაცია, რაც დღეს გვაქვს, არ იძლევა საფუძველს ღრმა ანალიზი შემოგთავაზოთ ამ საკითხზე. ვფიქრობთ, რომ ნაადრევია ამ საკითხზე საუბარი, სანამ პირველი კვარტლის მაჩვენებლები არ იქნება წარმოდგენილი.
სხვადასხვა ორგანიზაციები ცალსახად დადებითად აფასებენ ამ რეგულაციებს. როგორც იცით, 2019 წლის 22 თებერვალს Fitch-მა გააუმჯობესა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი და ორგანიზაციის განცხადებაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ რეგულაციები დაეხმარება ფინანსურ სტაბილურობას. მას შემდეგ, რაც გვექნება პირველი კვარტლის შედეგები, მას შემდეგ იქნება უფრო უპრიანი ამ საკითხის განხილვა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.