უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიწის მიყიდვა ორგანული კანონითაც აიკრძალება.
უცხოელები სასოფლო-სამეურნეო მიწის დარეგისტრირებას მხოლოდ მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში შეძლებენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, გრძელვადიანი იჯარით გადაცემა კი დასაშვები იქნება.
ორგანული კანონის მიღებამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელზე გასხვისებას ახალი კონსტიტუცია კრძალავს. ახლა კი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში მიწის რესურსის განკარგვასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტების პაკეტის განხილვა დაიწყო.
აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას ინფორმაციით, პარლამენტი ორ კანონპროექტზე მსჯელობს. ერთია ორგანული კანონი, რომელიც პრინციპების დონეზე არეგულირებს საკითხს და განსაზღვრავს მის შესაბამის კრიტერიუმებს, მეორე კი მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის შესახებ კანონია.
„მიწის საკუთრების უფლება ეძლევა უცხო ქვეყნის სუბიექტს, თუ ის არის დომინანტი, მთავრობის დისკრეციის ხარჯზე. მან უნდა წარადგინოს საინვესტიციო გეგმა. წინა წლებში ხდებოდა მიწის გასხვისება ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე, ახალი კანონის მიხედვით კი, თუ აღნიშნული პირები ვერ შეასრულებენ ვალდებულებებს, მიწის ნაკვეთი უნდა გაასხვისონ", - აღნიშნა დანელიამ.
კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. „ევროპული საქართველოს" წევრი, აგრარულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა დამენია მიიჩნევს, რომ იგი დისკრიმინაციულია.
„პრინციპულად წინააღმდეგნი ვართ იმისა, რომ შეიზღუდა ინვესტორებისათვის მიწის მიყიდვა. ეს გამოიწვევს მიწის ფასის ვარდნას და ბანკში ჩადების შემთხვევაშიც, შეფასება ბევრად ნაკლები იქნება. არის პატარ-პატარა დეტალებიც, რაშიც არ ვეთანხმებით აღნიშნულ ინიციატივას. მათ შორის უპირატესი შესყიდვის თემაა პრობლემური, ისევე როგორც მიწის გამოუყენებლობის შემთხვევაში დაჯარიმების სისტემის ამოქმედება.
უპირატესი შესყიდვა გულისხმობს, როცა ვინმე ბოლო წლების განმავლობაში უვლიდა მიწას და ამიტომ ენიჭება უპირატესობა შესყიდვისას მიუხედავად იმისა, რომ სხვა შეიძლება მეტსაც იხდიდეს და უკეთესი პროექტიც ჰქონდეს.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ისინი დაბადებულნი უნდა იყვნენ საქართველოში, ან მემკვიდრეობით დაუტოვონ მიწა. ერთადერთი შემთხვევა კი, როცა მათთვის მიყიდვა შეიძლება, მთავრობის სპეციალური დადგენილებაა. ესეც არასწორია, რატომ უნდა წყვეტდეს ამას ერთი პირი, აქ კორუფციის საფრთხე ჩნდება", - განაცხადა „რეზონანსთან" დამენიამ.
საქართველო არის იმ მცირემიწიანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც მიწა არ არის მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებელი და მას გასაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. ამით ხსნის საკუთარ პოციზიას და უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას „ქართული ოცნება". შესაბამისად, ის, რაც მიუღებელია უმცირესობისათვის, მოსწონს საპარლამენტო უმრავლესობას. დეპუტატი გიგა ბუკია ამბობს, რომ გრძელვადიანი იჯარა კვლავ დასაშვებია, ამიტომ გაუგებარია, რატომ უნდა შეამციროს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა აღნიშნულმა კანონმა.
„მიყიდვის შესაძლებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ფაქტობრივად არ რჩება. იქნება მხოლოდ მემკვიდრეობითობა, ადამიანი შეიძლება არ იყოს ამ მომენტისათვის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ თუ მას შთამომავლობით დარჩება მიწა, მიეცემა დაკანონების უფლება.
უნდა ითქვას, რომ არავითარი აკრძალვა არ არის გრძელვადიან იჯარასთან დაკავშირებით. მეტიც, არსებული ჩანაწერით, თავისუფლად გაიცემა კერძო პირებზე მიწა ხელშეკრულებით და თანხაც უნდა გადაეცეთ ერთიანად. შესყიდვის პროცესში იურიდიული პირების მონაწილეობისას კი მეწილეთა ნახევარზე მეტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და სწორედ ამ დროს იქნება შესაძლებელი მიყიდვის უფლება.
ეს ორი ჩანაწერი აქარწყლებს არგუმენტს, თითქოს ინვესტიციებს ხელს შეუშლის აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა და ის რაიმე ფორმით დისკრიმინაციულია. ამის გამოც უმცირესობამ კანონპროექტის ინიცირებას მხარი არ დაუჭირა. ჩვენ კი მივიჩნევთ, რომ საქართველო არის იმ მცირემიწიან ქვეყანათა შორის, სადაც მიწა არ არის მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებელი. ეს აღუდგენელი რესურსია და ამიტომ განსაკუთრებული გაფრთხილება და მოვლა სჭირდება", - განაცხადა „რეზონანსთან" გიგა ბუკიამ.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი"