ევროკავშირი საქართველოს ვაჭრობის სფეროში დახმარებას გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს ვაჭრობის, კერძო სექტორის განვითარებისა და მართლმსაჯულების რეფორმის სფეროებში ახალ დახმარებას გამოუყოფს.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხელს მოაწერს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც ამოქმედდება საქართველოსათვის ევროკავშირის "დახმარების ერთიანი ჩარჩო", რომელშიც განსაზღვრულია მომავალი თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნები და პრიორიტეტები 2014-2017 წლებისთვის. სამი პრიორიტეტული სექტორი იქნება საჯარო სექტორის რეფორმა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება და მართლმსაჯულების სფეროს რეფორმა. ამას დაემატება დახმარება ასოცირების შეთანხმებისა და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განსახორციელებლად და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისათვის.

ევროკომისარი ასევე გამოაცხადებს 2014 წლის ევროკავშირის დახმარების პირველ პაკეტს ახალი "დახმარების ერთიანი ჩარჩოს" (Single Support Framework) ფარგლებში. ახალი დაფინანსება მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს DCFTA-ს განახორციელებაში და ხელი შეუწყოს ვაჭრობის რეფორმასა და კერძო სექტორის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება მცირე ბიზნესის განვითარებას დაეთმობა.

"ასოცირების შეთანხმებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით საქართველო გამოხატავს სურვილს, განახორციელოს ყოვლისმომცველი რეფორმები ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად. ჩვენ სრულ მხარდაჭრას ვუცხადებთ მოდერნიზაციისა და ევროკავშირთან დაახლოების ამბიციური მიზნისკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევას", - განაცხადა შტეფან ფულემ.

საქართველოსათვის ევროკავშირის "მხარდაჭერის ერთიანი ჩარჩო" (SSF - Single Support Framework) მიღებულ იქნა 2014 წლის 11 ივნისს. ეს არის საპროგრამო დოკუმენტი, რომელშიც განისაზღვრება ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსათვის 2014-2017 წლების პერიოდში. მთელი პერიოდისათვის გათვალისწინებული საორიენტაციო დაფინანსება განსაზღვრულია 335-410 მილიონი ევროს ფარგლებში.