წლების განმავლობაში k2 კოეფიციენტის გაყიდვა 4000 ობიექტზე მოხდა. ამის შესახებ გენგეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, გენგეგმის მიხედვით, k2 კოეფიციენტის გაყიდვა მთელი ქალაქის მასშტაბით შეიზღუდება.
ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიის მიერ უკვე დაკორექტირდა და საკრებულოს გადაეგზავნა. მისი დამტკიცება მარტში მოხდება.
„k2 კოეფიციენტი 4000 ობიექტზე გაიყიდა. ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც k2 კოეფიციენტის ყიდვა-გაყიდვა შემოიღეს.
როდესაც თანაბარი განაშენიანებაა და იქვე ვხედავთ 2-ჯერ და მეტჯერ უფრო მაღალ შენობებს, ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ აქ k2 კოეფიციენტის გაყიდვა მოხდა.
ჩვენ 2016 წლის დასაწყისში მერიას თბილისის განაშენიანების წესებში ცვლილება შევთავაზეთ და ვთქვით, რომ k2 კოეფიციენტის გაყიდვა შეზღუდულიყო. მაშინ ამას მთელს ქალაქზე ვამბობდით, მაგრამ სამწუხაროდ, საკრებულომ მხოლოდ ნაწილობრივ მიიღო ჩვენი წინადადება და ეს შეეხო ქალაქის ცენტრალურ და შუალედურ ზონებს. თუმცა, განაშენიანების რეგულირების გეგმით ეს მაინც ხდებოდა. ახლა უკვე ამოიქოლა ყველა ის ხვრელი, რომლითაც ხდებოდა k2კოეფიციენტის მატება. ვნახოთ, რა შედეგს მოგვცემს.
ვიცი, რომ დეველოპერებთან შეხვედრაც შედგა და ისინიც კმაყოფილები არიან. ეს ბუნებრივიცაა. წარმოიდგინეთ, აშენებ კომპლესს და რამდენიმე დღეში იწყება მშენებელობა კიდევ უფრო მაღალი კორპუსის. ასეთი უამრავი შემთხვევა იყო“,-განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
რაც შეეხება უკვე გაყიდულ k2 კოეფიციენტებს, მამუკა სალუქვაძემ აღნიშნა, რომ ამას მერია სასამართლოს გზით უნდა გაუმკლავდეს.
„რაც უკვე გაყიდულია, არ ვიცი, ამას მერია რა მეთოდებით დაუპირისპირდება. ეს იურიდიული საკითხია და სასამართლოშია გასარჩევი“, - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.