„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისის მერიამ (მათ შორის შპს „თბილსერვის ჯგუფმა”) 2019 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში დაახლოებით 5.3 მილიონი ლარი გაიღო, საიდანაც 36% უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის გზით დაიხარჯა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ქალაქის მთავრობის განკარგულებით, შპს „თბილსერვის ჯგუფს“ საახალწლო ღონისძიებების განსახორციელებლად 4 მილიონი ლარი გამოეყო, 2019 წლის 5 თებერვლისთვის აღნიშნული თანხიდან 3 560 735 ლარი იყო დახარჯული. გარდა ამისა, ილუმინაციების მონტაჟისთვის შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 63 567 ლარი.
„თბილსერვის ჯგუფმა“ ახალი 2019 წლის დღესასწაულისთვის გასანათებელი მოწყობილობების შესაძენად ორი მსხვილი შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განახორციელა. ტენდერებში შპს „ალპა+“-მ (578 000 ლარის შესყიდვა) და იტალიურმა კომპანიამ „IDO SRL“-მა (2 123 000 ლარის შესყიდვა) გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიამ კონკურენტის გარეშე მოიგო ტენდერი. „თბილსერვის ჯგუფმა“ გამარტივებული შესყიდვის წესით 160 300 ლარი დახარჯა.
უშუალოდ თბილისის მერიის ადმინისტრაციამ 2019 წლის შობა-ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესით სხვადასხვა კომპანიებისგან 1 720 974 ლარის საქონელი და მომსახურება შეისყიდა. პირდაპირი შესყიდვის საფუძველი გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება იყო. მათ შორის, შპს „თბილისი პარკ”-თან გააფორმა 52 140 ლარის ხელშეკრულება, რომლის დირექტორმაც, გელა დიღმელაშვილმა 2018 წლის 18 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდს 20 000 ლარი შესწირა; ასევე, შპს „ლუმა დეველოპმენტთან“ გააფორმა 6 752 ლარის ხელშეკრულება, რომლის მფლობელმა ოთარ თედორაძემ 2017 წლის ნოემბერში „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.