ოთარ დანელია ჟენევაში სურსათის საერთაშორისო სტანდარტების 37-ე სესიას დაესწრო

ჟენევაში კოდექს ალიმენტარიუსის კომისიის (სურსათის სტანდარტების საერთაშორისო კომისია) 37-ე სესიაში საქართველოს მხრიდან სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ოთარ დანელია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი მონაწილეობდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის წევრმა ქვეყნებმა სურსათის, მათ შორის, ბავშვთა კვების, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის, ნედლეულის უვნებლობისა და ხარისხის, ჰიგიენის ახალ სტანდარტებსა და ვეტპრეპარატების, პესტიციდების დასაშვები დონის შესახებ რეკომენდაციები მიიღეს.

"ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან მიმდინარე წლის შემოდგომიდან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ამოქმედდება და ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანის რეალური პერსპექტივა გაჩნდება", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

37-ე სესიაზე კოდექს ალიმენტარიუსის კომისიის თავმჯდომარის არჩევნებიც ჩატარდა და ევროპის საკოორდინაციო კომიტეტის მიერ წარდგენილი შვეიცარიელი კანდიდატი ავილო ოჩიენგ პერნეტი აირჩიეს. საქართველოს დელეგაციამ სწორედ აღნიშნულ კანდიდატს დაუჭირა მხარი.

კოდექს ალიმენტარიუსი შექმნილია გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ და ხელმძღვანელობს საერთაშორისო ნორმებით, რომლებიც ერთიანი საერთაშორისო სტანდარტების შექმნას სურსათზე, მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვას და საერთაშორისო ვაჭრობაში სათანადო წესების შემუშავებას ისახავს მიზნად.

კოდექს ალიმენტარიუსის კომისია 1963 წელს დაფუძნდა და 185 ქვეყანას აერთიანებს.