თქვენ ეს კითხვა მე არ უნდა დამისვათ, უნდა დაუსვათ პროკურატურის წარმომადგენელს,- ასე უპასუხა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, არის თუ არა პროკურატურის მიერ დასახელებული მესამე პირი "თიბისი ბანკის" საქმეში პაატა ღაძაძე.
"ჩემი აზრით, არაფერი პაატა ღაძაძის მიმართ ცუდი არ თქმულა, რაღაც კომპანიის წარმომადგენელი იყო და არ ვიცი, რატომ იყო ნათქვამი, ეს რას ნიშნავს საერთოდ. უბრალოდ, გაიჟღერა ინიციალებმა და ალბათ, თქვენში გამოიწვია ამან რაღაც ეჭვი. მე ვერ მოვისმინე რაიმე ისეთი, რომ ამაზე ღირდეს კომენტარის გაკეთება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით დასახელებული კიდევ ერთი პირი, სავარაუდოდ, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე პაატა ღაძაძეა. ღაძაძე აღნიშნულ თანამდებობას 2019 წლის 1-ელ იანვრამდე იკავებდა, თუმცა, მან 1-ელი იანვრიდან „თიბისი ბანკის“ ტოპ მენეჯმენტი დატოვა.
დღეს, გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე 2007-2008 წლებში განხორციელებული ტრანზაქციის გარდა, 2012 წელს მიმდინარე მოვლენებიც ახსენეს, რის კონტექსტშიც უწყებამ ერთი პირის ინიციალები - პ.ღ. დაასახელა.