პირველი მარტიდან ტაქსის მძღოლებს საკუთარი ავტომობილებისთვის ორი სახის ვაუჩერი გადაეცემათ. ერთი ვაუჩერი იქნება ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდის, მეორე კი, სატრანსპორტო საშუალების გადაღებვის. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მარტიდან ტაქსების რეფორმის ახალი ეტაპი - მანქანების ვიზუალური სტანდარტიზაცია იწყება.
„პირველი მარტიდან მოხდება ორი სახის ვაუჩერის გაცემა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება ამ მნიშვნელოვან რეფორმაზე. ერთი არის - მანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რათა მანქანა გარედან სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდეს და მეორე არის ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ეკუთვნით ამ ვაუჩერის მიღება, უკვე მიუვიდათ შეტყობინებები და ეს პროცესი გრძელდება. მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე ის თუ როგორ ისარგებლებენ შემდეგში ამ ვაუჩერებით. ასევე, სათანადო ინფორმაცია განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე taxitbilisi.gov.ge და შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირი შევიდეს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია ამ რეფორმაზე. ასე, რომ 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც გავლილი ექნებათ ტექნიკური დათვალიერება, მისი გავლიდან ორი კვირის განმავლობაში მიმართავენ შესაბამის მისამართებს.