გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებულ ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფის ("საყდრისის კომიტეტი", "მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმა") წევრებთან ერთად კაზრეთში იმყოფებოდა, სადაც კომპანია RMG Cooper-სა და RMG Gold-ის მიერ სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს გაეცნო.
„საყდრისისა და კაზრეთის ტერიტორიაზე სამთომომპოვებელი სამუშაოების გამო, წლების განმავლობაში უამრავი პრობლემა დაგროვდა. სამინისტრომ 2018 წელს გააკეთა მიწერილობა, რომლის მიხედვითაც კომპანიას დაევალა, როგორც ისტორიული მემკვიდრეობითი პრობლემებისა და ზიანის გამოსწორება, ისე მიმდინარე გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგულარულად დავაკვირდეთ თუ როგორ სრულდება სამინისტროს მიერ გაცემული ვალდებულებები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დეტალურად შეისწავლის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც საყდრისის კომიტეტის ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, მისასალმებელია, რომ კომპანიამ გარკვეული სამუშაოები შეასრულა, ნაწილი კი შესრულების სტადიაშია.
„თუმცა საბოლოო შედეგებზე ჯერ საუბარი ნაადრევია. დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა აპრილის ბოლოს გვექნება“, - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.
კომპანიას სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი ღონისძიებების როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ვალდებულებები აქვს დაკისრებული, რომელთა შორის უმეტესობა წყალდაცვით ღონისძიებებს უკავშირდება.
კომპანიამ სპილენძის კუდსაცავზე, საიდანაც მდინარე კაზრეთულას დაბინძურება ხდებოდა, სამინისტროს მიერ გაცემული ვალდებულების ფარგლებში, წყლის შემკრები რეზერვუარი და სატუმბი სისტემა ააშენა, რითაც მოხდა მდინარე კაზრეთულას დაბინძურების წყაროს აღკვეთა.
კომპანიამ ასევე მთავრობის დადგენილების შესაბამისად ნარჩენების 7 უბანი მოაწყო და საწარმო უბნებში წარმოქმნილი მტვრის გარემოში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად მტვერდამჭერი მოწყობილობები დაამონტაჟა.