„ჯენერალ მოტორსთან“ დაშორების და „PSA პეჟო სიტროენთან“ შერწყმიდან ერთი წლის შემდეგ, „ოპელმა“ პირველი მოგება დააფიქსირა. გერმანულმა კომპანიამ და მისმა ბრიტანულმა ტყუპისცალმა „ვოქსოლმა“, გასულ წელს 859 მილიონი ევროს (დაახლოებით 979 მილიონი დოლარის) მოგება მიიღეს. ბოლო 20 წელიწადში ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ოპელი“ მოგებას ღებულობს.
„PSA პეჟო სიტროენმა“ „ოპელი“ 2017 წლის აგვისტოში შეისყიდა და იმავე წლის ბოლო ხუთ თვეში, გერმანულმა კომპანიამ 204 მილიონი დოლარი იზარალა. ამიტომ ფრანგული გიგანტიც კი არ ელოდა, თუ „ოპელი“ ასე სწრაფად შეძლებდა მისთვის მოგების მოტანას. „ავტომოტივ ნიუსის“ ინფორმაციით, თავად „ოპელი“ პირველ მოგებას 2020 წლისთვის გეგმავდა.
„ოპელის“ გაყიდვების მოცულობამ შარშან 20.9 მილიარდ დოლარს მიაღწია, საიდანაც მოგებამ 4.7 პროცენტი შეადგინა. შედარებისთვის, „ფოლკსვაგენის“ გლობალური გაყიდვებიდან მოგება 4.1 პროცენტი იყო. საინტერესოა, რომ „ოპელს“ 2016 წლის უდანაკარგოდ დასრულებაც შეეძლო, მაგრამ ამაში ხელი ბრიტანეთის ბრექსიტის რეფერენდუმმა შეუშალა, რამაც „ვოქსოლის“ ბიზნესი დააზარალა.
„PSA პეჟო სიტროენმა“ „ოპელის“ შესყიდვისთანავე, გერმანული კომპანიის ქარხნებიდან ჯამში 3 700 სამუშაო ადგილი შეამცირა. ამასთან 2 000 სამუშაო ადგილმა, „ოპელის“ რიუსელსჰაიმის ქარხნიდან საფრანგეთში გადაინაცვლა. გარდა ამისა, PSA ჯგუფის მთავარი აღმასრულებლის, კარლოს ტავარესის მოთხოვნით, წერტილი დაესვა „ოპელის“ და „ვოქსოლის“ ავტომობილების ფასდაკლებით გაყიდვის პრაქტიკას, რასაც კომპანიისთვის დიდი ზარალი მოჰქონდა. ამის მიუხედავად, „ოპელ-ვოქსოლის“ საქარხნო სადგომებზე, წლის ბოლოს ავტომობილების რიცხვი 32 000 ერთეულით, 195 000-მდე შემცირდა.