”მითიური” ორგანიზაცია და ექსპორტიორებისთვის დაწესებული გაუგებარი გადასახადი

”ეს რამდენიმე ადამიანის მიერ მოწყობილი კორუფციული სქემა იყო”

ბოლო დროს, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალი გაიზარდა და მეზობელ ქვეყანაში მაღალი ფიტოსანიტარული რისკის მქონე პროდუქციის გატანაც გახდა შესაძლებელი, ოღონდ შესაბამისი შემოწმების და სერტიფიკატის აღების შემდეგ. საქართველოში ახლა ადგილობრივი ხილის და ბოსტნეულის მოწევის სეზონია და არც არის გასაკვირი, რომ საექსპორტო ბიზნესი გააქტიურდა, თუმცა ბოლო დროს რამდენიმე მეწარმე იმ ხელოვნურ ბარიერებზე ალაპარაკდა, რასაც მათ ქვეყნიდან პროდუქციის გატანისას უქმნიდნენ.

BPN-ი უკვე წერდა, შპს ”ფრუიტილიას” შესახებ, რომლის დამფუძნებელი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი ჩვენთან საუბრისას ყვებოდა, რომ ფიტოსანიტარული სერტიფიკატის აღებისას პრობლემებს წელს, ივლისში, პირველად გადააწყდა - კერძოდ, ატმის რუსეთში გასატანად თითო მანქანაზე 500 ევრო მოსთხოვეს.

”ფიტოსანიტარული სამსახური სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა. გარკვეული საფასურის, კერძოდ, 25 ლარის გადახდის შემდეგ, ეს სამსახური იძლევა სერტიფიკატს, რომლის გარეშე პროდუქციას ვერსად გაიტან. უკვე წლებია ამ სფეროში ვსაქმიანობ და სერტიფიკატის გამო დაბრკოლება არასოდეს შემხვედრია. ივლისის დასაწყისში კი, ფიტოსანიტარულ სამსახურში გადმოგვცეს რომელიღაც ასოციაციის ნომერი (სასოფლო-სამეუნეო პროდუქციის მწარმოებელთა, ექსპორტიორთა და იმპორტიორთა ასოციაცია -”ნობათი-2014") და მათთან შეთანხმება მოგვთხოვეს. ეს არის გაურკვეველი ორგანიზაცია, სადაც გაურკვეველი მომსახურების ნაცვლად თითო მანქანაზე 500 ევრო მოგვთხოვეს. ”ნობათი-2014”-ი ახლახან, ივლისის დასაწყისში დაფუძნებული ორგანიზაციაა. ფაქტია, რომ ვინც მათთან არ ითანამშრომლა, ფიტოსანიტარული სერტიფიკატის აღებისას სერიოზული პრობლემები შეექმნა. თანხა იქვე, ასოციაციასთან არსებული შპს-ის ანგარიშზე უნდა გადაგვერიცხა. მე ეს თანხა არ გადავიხადე და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პრობლემებიც. როგორც ჩანს, ჩინოვნიკები ატყობენ, რომ ქართული ხილის ექსპორტი ერთ-ერთი პერსპექტიული დარგია და ცდილობენ ამ სფეროში მონოპოლია მოიპოვონ”, - აცხადებდა BPN-თან საუბრისას ბეჟიტაშვილი.

ბუნებრივია, რომ ამ პუბლიკაციამ მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩვენც გარკვეული პერიოდის შემდეგ ექსპორტიორ კომპანიას ისევ დავუკავშირდით. ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნილი თანხა არ გადაიხადა და მას დაბრკოლებებს აღარ უქმნიან, მაგრამ გავარკვიეთ, რომ იმავე დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა შპს ”შმაგი”.

მანანა გელაძე, შპს ”შმაგის” დირექტორი:

”ჩემი ფირმა 2012 წელს, მეუღლესთან ერთად დავაარსე და იმის შემდეგ ვეწევით სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტსა და ექსპორტს - ორ დიდ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ სომხეთსა და რუსეთში: სომხური ფირმა ”პაიკ-ჯორჯია” გადაზიდვებს აწარმოებს, ხოლო მიმღები - რუსული ”არდიზაინია”. ექსპორტზე ძირითადად კარტოფილი, პომიდორი და ატამი გამაქვს, იმპორტი კი - მრავალი სახეობისა მაქვს. ვიდრე ჩვენი პროდუქციისათვის რუსული ბაზარი გაიხსნებოდა, ქართული პროდუქცია იქ მაინც შედიოდა, მაგრამ სხვა ქვეყნების, კერძოდ, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით. რა თქმა უნდა, დროც მეტი გვეხარჯებოდა და თანხაც. რუსეთის ბაზრის გახსნამ ყველა ძალიან გაგვახარა, რადგან პირდაპირი ურთიერთობა რუსეთთან ნებისმიერი ექსპორტიორისათვის მისაღებია, თუმცა როგორც იტყვიან, სიხარული მწუხარებად გადაგვექცა!

-რატომ?

-გადავწყვიტეთ, გურჯაანში შეგვეძინა ატამი და რუსეთის ბაზარზე გაგვეტანა. მანქანებიც გავგზავნეთ, მაგრამ იქ ძალიან დიდი დაბრკოლების წინაშე დაგვაყენეს: ფიტოსანიტარული სამსახურის კახეთის რეგიონის წარმომადგენლები აგრესიულად გვექცეოდნენ ჩვენც და ჩვენს სომეხ პარტნიორებსაც. სომხეთიდან მიღებული მქონდა ხის ყუთები, რომელმაც სადახლოს საბაჟო გადმოლახა, ყველა საბაჟოზე არის ფიტოსანიტარული სამსახური და ნებისმიერი ტვირთი, რომელიც საბაჟოზე შემოდის, მოწმდება. ეს ყუთებიც შემოწმებული იყო: მარკირებაც ჰქონდა, თერმულად დამუშავების საბუთიც ახლდა და სხვა საბუთებიც. ჯერ ხის ყუთების სისქე არ მოეწონათ, მერე - ტენიანობა, ხან რა მიზეზი გამოჩხრიკეს და ხან - რა. ბოლოს გვითხრეს, ვერ დავწერთ ფიტოსანიტარულ მოწმობას და ამ პროდუქციას საერთოდ ვერ გაიტანთო. ძალიან დიდი კამათი გვქონდა კახეთის ფიტოსანიტარული სამსახურის თანამშრომლებთან, რის შემდეგაც გაგვაგზავნეს კერძო ორგანიზაციაში, რომელსაც ”ნობათი-2014” ჰქვია, ვინმე დათო ქავთარაძესთან. ადრე 25 ლარად გვაძლევდნენ ფიტოსანიტარულ სერტიფიკატს და ამ პროცედურას მხოლოდ ერთი საათი სჭირდებოდა, ახლა კი სახელმწიფო სტრუქტურამ სადღაც, კერძო ასოციაციაში გაგვაგზავნა. გადავწყვიტე, საერთოდ არ მივსულიყავი იმიტომ, რომ ვიცოდი - ყველაფერი მოწესრიგებული მქონდა. როგორც გავიგე, ვინც იქ მივიდა, ყველას 500-500 ევრო გადაახდევინეს. თანაც, საბუთი, რომელსაც ეს ორგანიზაცია გაძლევს, არაფერში არ გჭირდება, გამოდის, რომ არაფერში იხდი 500 ევროს. სამი დღე გვატარეს თბილისიდან გურჯაანში და სერტიფიკატი დიდი კამათის შემდეგ, 6 ივლისს მოგვცეს. აქ ძალაუნებურად ჩნდება ერთი კითხვა: თუ 5 ივლისს კანონს ვარღვევდი და ჩემი ყუთები ევროპულ დონეს არ შეესაბამებოდა, 6 ივლისს როგორ გახდა ეს ტვირთი კანონიერი და ევროპული?! მიზეზად ის დაასახლეს, რომ ამით ქვეყანას დიდი პრობლემები შეექმნებოდა. კი მაგრამ, ექსპორტიორებსაც ხომ გვინდა, ყველაფერი მოწესრიგებული გვქონდეს და ჩვენს პროდუქციას საზღვარზე ერთი ჭიაც არ გადაჰყვეს? ხომ ვცდილობთ, რომ საბაჟოზე პრობლემები არ შეგვექმნას? სამი დღე გვატარეს, უკვე ნერვული სტრესი გვქონდა და აღარ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა! რამდენჯერ მიფიქრია, რომ სხვა ქვეყანაში ვერ ვიცოცხლებ, მაგრამ იმ სამ დღეში იმხელა უკანონობას წავაწყდი, პირველად ვიფიქრე - ნეტავ, ამ ქვეყანაში არ ვცხოვრობდე და საერთოდ არ ვარსებობდე-მეთქი. ვუთხარი კიდეც: იმხელა პრობლემებს გადავაწყდი, მილიონი რომ მოვიგო, მეორედ აქ ჩამომსვლელი აღარ ვარ-მეთქი. ძალიან გვადარდებს შენ თუ აქ აღარ ჩამოხვალო – ასე მიპასუხეს ფიტოსანიტარული სამსახურის ვაი-მუშაკებმა... (!) სხვათა შორის, ზუსტად ეს ჯგუფი, რამდენიმე ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდ დაბრკოლებებს უქმნის ჩვენსავით მცირე კომპანიებს, შარშან მთელი ზამთრის განმავლობაში ”მოღვაწეობდა” ბათუმში, მანდარინის ექსპორტის დროს, ეტყობა, იქ საკმაოდ კარგად იგრძნეს თავი და ახლაც ჩვენს ხარჯზე მოუნდათ ფულის კეთება.

იმის იმედად, რომ მდგომარეობა გამოსწორდება, მანანა გელაძემ პროდუქციის რუსეთში გატანა შეაჩერა: ”იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს იყო კერძო ინიციატივა და ვიღაცებს სხვის ხარჯზე ცხოვრება მოუნდათ. როგორც ვიცი, ამ ასოციაციის წინააღმდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რა თქმა უნდა, ახლა ისინი თავს იმართლებენ, მაგრამ ფაქტია, რომ მათი საბუთი არავის არაფერში სჭირდება. ამ საბუთის გარეშეც კარგად გადალახა საზღვარი ქართულმა პროდუქციამ და გაუგებარია, რატომ გვაგზავნიდნენ მაინც და მაინც იქ ფიტოსანიტარული სამსახურის წარმომადგენლები? ისიც ვიცით, რომ ”ნობათი-2014” ახლახან, ივლისში, სასწრაფოდ დააფუძნეს -ეტყობა, ფულის კეთება მოუნდათ. სხვათა შორის, იქ ის ხალხია დასაქმებული, ვინც გურჯაანში ფიტოსანიტარულ სერტიფიკატებს გასცემს. იმედი, მაქვს, რომ ეს რამდენიმე ადამიანის მიერ მოწყობილი კორუფციული სქემა იყო და ყველაფერი მალე გაირკვევა.

ჩვენ ”ნობათი-2014”-ის წარმომადგენლებთან დაკავშირებაც ვცადეთ: აღმოჩნდა, რომ ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი მჭედლიშვილი, ქალაქ გორში, ეკატერინე ჯუღაშვილის ქუჩაზე, #73-ში ცხოვრობს და ჟურნალისტებთან კონტაქტზე უარს ამბობს. ჩვენი ინფორმაციით, ამავე კომპანიის წარმომადგენელმა, დათო ქავთარაძემ კი საერთოდ უარყო, რომ ამ ასოციაციის წევრია. ”მე უბრალოდ მეწარმე ვარ და ვინც ჩემთან მოდიოდა, მანქანებით ვამარაგებდიო ”- გვითხრა მან. სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, გიგა ქურდოვანიძე კი ამტკიცებს, რომ მათ უწყებას ამ ასოციაციასთან არანაირი შეხება არ აქვს.

გიგა ქურდოვანიძე:

”არ მინდა მტკიცებით ფორმაში ვილაპარაკო, მაგრამ ”ფრუიტილიას” ხელმძღვანელი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი სიცრუეს ამბობს: მას ბოლო ორი თვის განმავლობაში 40-მდე სერტიფიკატი აქვს აღებული (ბატონმა გიგამ შესაბამისი დოკუმენტებიც მოგვაწოდა ხ.ჩ.) და მხოლოდ იმ ერთ პარტიაზე არ მისცეს საბუთი, რადგან, შესაფუთ მასალას ჰქონდა პრობლემები. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს ნებართვით შეიძლება საქართველოდან პროდუქტის გატანა, შესაბამისად, ნურც ერთი მეწარმე ნუ შეეცდება ჩვენი ორგანოს გვერდის ავლით რაიმე გაიტანოს. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საფრთხე ექმნება ქვეყნის პრესტიჟს და იმ რთულ, ხანგრძლივ სამუშაოს, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასწია. შესაბამისად, ვერც ერთი მეწარმის ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ვერ დადგება. ”ფრუიტილიას” შემთხვევაში პრეტენზია იმ პალეტებს შეეხებოდა, რომელზეც განთავსებული იყო მათი პროდუქცია, მას არ ჰქონდა შესაბამისი მარკირება და არ ჰქონდა ჩატარებული ფუმიგაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქედან რუსეთის ფედერაციაში შეიძლება საკარანტინო მავნებელი გასულიყო. გამოცვალონ ეს პალეტები და პრობლემა არ შეექმნებათ. რაც შეეხება მანანა გელაძეს, მან ყუთები შემოიტანა სომხეთიდან, როდესაც ჩვენებმა ეს ყუთები შეამოწმეს, ისინი არ აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას, რომელიც მისაღებია რუსეთის ფედერაციისათვის. საკარანტინო მავნებლები, რომლებიც ჩვენთან გვხვდება, შეიძლება იყოს სომხეთში, მაგრამ არ იყოს რუსეთში, ამიტომ, რომ მოინდომოთ ხილის გატანა, ვერ გაიტანთ რუსეთში, მაგრამ შეიძლება გაიტანოთ სომხეთში იმიტომ, რომ ის მავნებელი საკარანტინოა რუსეთისთვის და არა სომხეთისათვის. გთხოვთ სიტყვა-სიტყვით დაწეროთ: ეს ვაი-ბიზნესმენები ცდილობენ, ხალხიც მოატყუონ, მედიაც და სახელმწიფოც.

რაც შეეხება ასოციაციას, მასთან ჩვენს სააგენტოს არანაირი კავშირი არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. სულაც არ გვინდა ჩვენი სამსახური გააიგივონ რომელიღაც ”მითიურ” ასოციაციასთან, რომელზე წარმოდგენაც კი არა გვაქვს. ეს კერძო მეწარმეების გაერთიანებაა და სახელმწიფოს მასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ასე რომ, კავშირების ძებნა და შეთქმულების თეორიის შექმნა მისაღები არ არის. ამ კომპანიებს ჰქონდათ დარღვევები, მათი შესაფუთი მასალა არ შეესაბამებოდა საერთაშორისო და რუსულ სტანდარტებს და თუ ამ პრობლემას მოაგვარებენ, მათი პროდუქცია დაუბრკოლებლად გავა ქვეყნიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ღვინით დაწყებული, ქართული ყველაფერი აკრძალონ და იგივე ამბავი განმეორდეს, რაც 2006 წელს მოხდა - ამას ჩვენი სააგენტო ვერ შეეგუება და არც დაუშვებს!

ხათუნა ჩიგოგიძე

ამ თემაზე ასევე იხილეთ: ექსპორტიორები ხელოვნურ ბარიერებზე ალაპარაკდნენ