სახელმწიფო უწყებებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 5 მარტს დაიწყება და 6 მარტს დასრულდება.
სატენდერო პირობების მიხედვით, კონსოლიდირებულ ტენდერში არ გაიმართება ვაჭრობის დამატებითი რაუნდები. გამარჯვებულად ჩაითვლება ყველა ის პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადება შესაბამისობაში იქნება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან.
„წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ფიჭური სატელეფონო მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება GSM, UMTS, LTE სტანდარტებით. შემსყიდველ ორგანიზაციებში დასაქმებულ (თანამშრომლები) აბონენტთა საორიენტაციო რაოდენობაა 260 000. ფიჭური სატელეფონო მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით,“-ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2019-2020 წლების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სატელეფონო მომსახურების ტარიფები არ იცვლება და ისეთივეა, როგორიც 2018 წლის თებერვალში გამოცხადებული ტენდერით იყო გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აღნიშნული მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში სამივე პრეტენდენტმა - „მაგთიკომმა“, „ჯეოსელმა“ და „ვიონი საქართველომ“ (ბილაინი) გაიმარჯვა.