ძალოვანი სტრუქტურების ნატურალური თაფლით მომარაგების ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა. როგორც სატენდერო კომისიის დასკვნიდან ირკვევა, ტენდერში გამარჯვებულად „გსქ კულა“ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ თაფლის შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი იანვარში გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარი იყო 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ თაფლზე. აქედან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 3000 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენდა.
ტენდერში კომპანია ვ.ტ.-ც მონაწილეობდა, რომლის ასპროცენტიანი წილის მფლობელი იური ჯოგლიძე ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, რუსული წარმოების შპს „ აპიდეის“ კილოგრამი თაფლის მიყიდვას მთავრობისთვის 14 ლარად გეგმავდა. თუმცა, სატენდერო კომისიამ ამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, ის კილოგრამ თაფლს მთავრობას 14.44 ლარად მიჰყიდის.