პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკითხვის ოქმების გამოქვეყნებას ამ ეტაპზე არ აპირებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკითხვის ოქმების გამოქვეყნებას ამ ეტაპზე არ აპირებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

„ამ ეტაპზე დაკითხვის ოქმებს არ ვასაჯაროვებთ. ოქმების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გენერალური პროკურატურა მომავალში მიიღებს“, - განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ მორიგი განცხადება გაავრცელა და საგამოძიებო ორგანოს სთხოვა, სრულად გამოაქვეყნოს ხაზარაძისა და ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები.

„ჩემი განცხადების პასუხად პროკურატურამ განმარტა, რომ საქმეს არ ადევს გრიფი „საიდუმლო". აღნიშნული გარემოების და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე დიდია საზოგადოებრივი ინტერესი, რასაც თავად პროკურატურაც ადასტურებს, ვთხოვთ საგამოძიებო ორგანოს, სრულად გამოაქვეყნოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები. მით უფრო, რომ ასეთი პრეცედენტი მან უკვე შექმნა ჩვენების ცალკეული ნაწილის გამოქვეყნებით. აღნიშნული გამორიცხავს ჩვენებიდან ამონარიდებით არასწორი წარმოდგენების შექმნას და საზოგადოებას თავად მიეცემა საშუალება გააკეთოს დასკვნები“, - ნათქვამია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის განცხადებაში.