როგორ  შევცვალოთ მრავალსართულიანი ტიპობრივი საცხოვრებელი სახლები - იდეა მერს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.

ამ ეტაპზე ვებგვერდზე 388 მიმდინარე, 277 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 17 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.

„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც მრავალსართულიანი ტიპობრივი საცხოვრებელი სახლების ფასადების მოდერნიზაციას გულისხმობს.

„იდეა გულისხმობს არსებული შენობების, ე.წ ხრუშჩოვკების სახეცვლილებას, რომლებიც ფასადით გამოდიან ცენტრალურ ქუჩაზე და ამახინჯებენ ქალაქის იერსახეს, ასევე არ აკმაყოფილებენ თანამედროვე საცხოვრებელ სტანდარტებს.

ჩემ მიერ შემუშავებული პროექტი სრულიად მორგებული და ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე. პროექტში გათვალისწინებულია არამარტო ფასადური რეკონსტრუქცია, არამედ ფუნქციური ცვლილებაც (თბომოდერნიზაცია, გამწვანება და ა.შ), რომელიც გააუმჯობესებს საცხოვრებელი პირობების სტანდარტებს და ქალაქის ერთიან იერსახესაც მოაწესრიგებს.

პროექტის დადებითი ასპექტები სარგებელი ქალაქს:

  • იერსახე - იმ ტიპობრივი საცხოვრებელი სახლების მოდერნიზაცია, რომლებიც ფასადით გამოდიან ცენტრალურ ქუჩაზე და ამახინჯებენ ქალაქის იერსახეს.
  • ეკოლოგია - რადგან ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ტიპობრივი საცხოვრებელი სახლების მოდერნიზაცია ხდება თბოიზოლაციის პანელებითა და გამწვანებით.

სარგებელი მოსახლეობას:

  • თბომოდერნიზაცია და ეკოლოგია - მოდერნიზაცია ხდება თბოიზოლაციის პანელებით, რაც მოსახლეობისთვის თბო დანაკარგს შეამცირებს, ხოლო ფასადზე განთავსებული გამწვანება, ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
  • ფასადი მუშავდება პანელური სქემით, რაც იმას გულისხმობს, რომ არ ხდება შენობის კონსტრუქციის დარღვევა და ფასადი მონტაჟდება უშუალოდ უკვე არსებულ შენობაზე, შესაბამისად მოსახლეობას არ მოუწევს საცხოვრებლის დატოვება, ფასადის რეკონსტრუქციის პროცესში.
  • რენტაბელობა - მოდერნიზაციის შემდეგ, შენობა დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რაც გაზრდის მის რენტაბელობას,“-აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში.

აღნიშნული იდეა მარიამ მენაბდეს ეკუთვნის, ხოლო ხმის მიცემის ვადა 28 აპრილამდეა.

თაია არდოტელი
მზიურში შესაძლოა, სათავგადასავლო სათამაშო მოედანი მოეწყოს - მოქალაქის იდეა მერს
საქართველოს რუკითა და დროშით  განათებული  თბილისი ციდან - მოქალაქის იდეა მერს
ვეფხისტყაოსნის ტყე ყოფილ ნაგავსაყრელზე - იდეა თბილისის მერს