„თიბისი ბანკის“ საქმეზე ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ჯერ-ჯერობით დაკითხული არ არის, თუმცა, მომდევნო ეტაპზე მისი დაკითხვა იგეგმება. ამის შესახებ პროკურორმა სალომე ჩიქობავამ გადაცემაში „მთელი ამბავი ელისო ჯარიაშვილისგან“ განაცხადა.
ამასთან, პროკურორის განმარტებით, 11-12 წლის წინანდელი სესხის ხელშეკრულებები, რომელზეც გამოძიება მიმიდნარეობს, „თიბისი ბანკის“ შესაბამისი კომიტეტის მიერ არის გაცემული, თუმცა, როგორც პროკურორმა აღნიშნა, „ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის დაასახელონ ის პირები, ვისაც ხელშეკრულებები ხელმოწერილი აქვს“.
„პროკურატურა იძულებული გახდა გაესაჯაროებინა ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ რაც აღნიშნული ცნობა უკვე ჰქონდა მასმედიას და საზოგადოებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად- იყო თუ არა სახეზე შესაძლო დანაშაული. მას შემდეგ რაც გამოიკვეთება კონკრეტული დანაშაულის არსებობა ან არარსებობა, უკვე დაზარალებული მხარის ვინაობის დადგენის საკითხი დადგება დღის წესრიგში. ამასთან, ტრანზაქციებთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ სესხის ხელშეკრულებები გაცემულია ბანკის შესაბამისი კომიტეტის მიერ, მაგრამ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია დავასახელოთ ის პირები, ვისაც ხელშეკრულებები ხელმოწერილი აქვს. რაც შეეხება ბუცხრიკიძეს ვახტანგ ბუცხრიკიძე ჯერ-ჯერობით არ დაკითხულა, თუმცა, იგეგმება და მომდევნო ეტაპზე ისიც აუცილებლად დაიკითხება,“-აღნიშნა პროკურორმა სალომე ჩიქობავამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, 8 იანვარს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება.