ევროკავშირი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო სანქციების მეორე ფაზის ქმედებებს აფართოებს

ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა წერილობითი გადაწყვეტილება, რომლითაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო სანქციების მეორე ფაზის ქმედებებს აფართოებს.

ამის შესახებ "უნიანი" იუწყება.

"ეს ხსნის გზას იმ პირთა აქტივების გასაყინად, რომლებმაც მატერიალურად ან ფინანსურად დაუჭირეს მხარი ქმედებებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ევროკავშირის ლიდერთა მანდატის შესაბამისად, საბჭომ უნდა დაამტკიცოს ასეთი პირების სია, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, ივლისის ბოლომდე", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს წერილობით გადაწყვეტილებაში.

სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის, 72 ადამიანს, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება, გაყინული აქვს აქტივები და ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, იურიდიული ტექსტი შაბათს, ევროკავშირის სპეციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.