საქართველოში საჯარო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია

”ბიზნესსექტორი არ განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკას და არ წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის მთავარ წყაროს”

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 1 კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე დაბალი განათლების სექტორშია და 423.6 ლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფინანსო სექტორია, სადაც საშუალო ხელფასი 1774.8 ლარია. საფინანსო სექტორის შემდეგ კი სახელმწიფო მმართველობა მოდის - 1190.3 ლარით.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, ყველაზე მეტი დასაქმებული განათლების სფეროშია, სულ 155.4 ათასი ადამიანი. მეორე ადგილზეა სახელმწიფო მმართველობა - 106 ათასი დასაქმებულით, ხოლო მესამე ადგილზე ვაჭრობაა, რომელიც თავის მხრივ, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების რემონტს მოიცავს და 105.1 ათასი ადამიანია დასაქმებული.

საინტერესოა, რა განაპირობებს განათლების სფეროში ყველაზე დაბალ საშუალო თვიურ ანაზღაურებას იმ ფონზე, როდესაც განათლების სექტორი მთავრობას ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. ეკონომიკის ექსპერტ ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, განათლების სფეროში დაბალ საშუალო ხელფასს საჯარო სკოლაში დასაქმებულ მასწავლებელთა რაოდენობა განაპირობებს.

„განათლების სფეროში დასაქმებულებს შორის უმეტესი ნაწილი საჯარო სკოლის მასწავლებლები არიან, რომელთა ხელფასი არც თუ ისე მაღალია, სწორედ ამიტომ, განათლების სექტორის ეს მაჩვენებელი მასწავლებლების დაბალი ანაზღაურებითაა განპირობებული“,- აცხადებს ლექვინაძე.

ეკონომიკის ექსპერტის, ლევან კალანდაძის განცხადებით, როდესაც ვსაუბრობთ განათლების პრიორიტეტულობაზე, ეს ამ სფეროს დაფინანსებაზე უნდა აისახებოდეს.

„ისევე, როგორც წინა ხელისუფლების დროს, დღევანდელი ხელისუფლების დროსაც განათლება თითქოს პრიორიტეტად არის გამოცხადებული, მიუხედავად ამისა, ეს განათლების ფინანსებზე ნაკლებად აისახება. წლიდან წლამდე აბსოლუტური მაჩვენებელით განათლების დაფინანსება იზრდებოდა, მაგრამ ამოსავალი წერტილი ყოველთვის ისეთი შეფასების კრიტერიუმი უნდა იყოს, როგორიცაა განათლების დაფინანსების მიმართება მთლიან შიდა პროდუქტთან. თუმცა, ამ თვალსაზრისით რეალური ცვლილებები და ახლებური მიდგომები არ ჩამოყალიბებულა. ჩვენ ძალიან შორს ვართ იმ სტანდარტისაგან, რომელიც ევროპასა და განვითარებულ ქვეყნებშია. განათლებაზე გაწეული ხარჯების თვალსაზრისით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ამ სტანდარტის დაახლოებით 50%-ს თუ ვაკმაყოფილებთ. რეალურად, თუ განათლების დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 5%-მდე არ გაიზრდება, მანამდე ძნელია საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფოსთვის განათლება პრიორიტეტულია, “- აცხადებს კალანდაძე.

რაც შეეხება სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობასა და მათ ხელფასს, როგორც ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს სახელმწიფოს მართვას სჭირდება კვალიფიციური კადრები და შესაბამისად, მაღალი ხელფასი განპირობებულია იმით, რომ მაღალკვალიფიციურმა კადრებმა სახელმწიფო სექტორში მუშაობაზე უარი არ თქვან.

„საკმაოდ ბევრი სახელმწიფო სერვისი და სტრუქტურაა ქვეყანაში. შესაბამისად, საფინანსო სექტორის შემდეგ სახელმწიფო მმართველობაში საშუალო ხელფასის მაღალი მაჩვენებელი ნორმალურია, იმიტომ რომ სახელმწიფო მმართველობაში საჭიროა კვალიფიციური ადამიანები და ამიტომ უნდა იყოს შესაბამისი ხელფასი. რა თქმა უნდა, სჯობს, რომ კერძო სექტორი იყოს წამყვან პოზიციებზე, მაგრამ რადგან გვაქვს დასაქმების დაბალი მაჩვენებელი, კერძო სექტორი არც თუ ისე აქტიურია და ბიზნესი იმ დონეზე არ არის განვითარებული, რომ დიდი წილი ბიზნესში იყოს დასაქმებული. ამიტომ არის, რომ ბიზნესის დაბალი მაჩვენებლის ფონზე სახელმწიფო სექტორში დასაქმებულების წილი საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ჩანს,“- აცხადებს ლექვინაძე.

ლევან კალანდაძე კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებულთა დიდი რაოდენობა და მაღალი საშუალო ხელფასი იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში ეკონომიკის მთავარი წყარო სამთავრობო სექტორია, ხოლო ბიზნესის სექტორი მეორე ხარისხოვანია.

„როგორც წესი, განვითარებულ ქვეყნებში დასაქმებულთა რაოდენობა შედარებით მცირეა საჯარო სექტორში, ხოლო დიდი ნაწილი კერძო სექტორშია დასაქმებული. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ჩვენთანაც ბოლო წლებში გარღვევა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება სახელფასო განაკვეთს,   საჯარო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ბიზნესსექტორი არ განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკას და არ წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის მთავარ წყაროს, არამედ თავად სახელმწიფოა ეკონომიკის წყარო. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბიუჯეტს ტვირთად აწვება. სახელმწიფო აპარატი, ანუ სახელმწიფო ბიუროკრატია არის მნიშვნელოვნად დიდი. გახსოვთ, ალბათ, წინა ხელისუფლების დროსაც და ახლანდელი ხელისუფლების პირობებშიც ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ”ქამრების შემოჭერის” პოლიტიკაზე. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა სწორედ სახელმწიფო ადმინისტრაციის და სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე გაკეთებულ ეკონომიას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით ისევე, როგორც 2013 წლის, ასევე 2014 წლის ბიუჯეტიც პოზიტივის დანახვის საშუალებას არ იძლევა, იმიტომ რომ ბიუროკრატია არის დომინანტი.

მთლიან შიდა პროდუქტში სახელმწიფო ბიუროკრატიის ხვედრითი წილი არის მნიშვნელოვნად მაღალი და ბოლო წლებში ვერაფრით მოხერხდა შემცირება. ეს არის ის პრობლემა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში თავს იჩენს და ზეგავლენას მოახდენს ბიუჯეტზე. 2013 წლის ბიუჯეტში გვქონდა გარღვევა, 2014 წლის ბიუჯეტთანაც არის სერიოზული ეჭვები და კითხვები, რომ შესაძლებელია 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებაც გარკვეული რისკის ქვეშ დადგეს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სახელმწიფო ფინანსების დიდი ნაწილი სწორედ სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვას ხმარდება,“ -ამბობს ლევან კალანდაძე.

გიორგი მუშკუდიანი