მე ვაგრძელებ დავას ეროვნული ბანკისა და პროკურატურის წინააღმდეგ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვთვლი, რომ საქმე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოხდა, სცილდება ყოველგვარ ნორმას და ზღვარს - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დელეგაცია იყო ჩამოსული: „არ დარჩენილა არც ერთი ევროპელი ელჩი და ბანკების პირველი, ან მეორე პირები, რომლებიც ამ საკითხით არ დაინტერესებულა. ისინი ცალ-ცალკე არ ჩამოვიდნენ და არ შეხვდნენ მთავრობის წვერებს და სებ-ს. ეუბნებოდნენ მათ, რომ ასეთი მიმართულებით ამ საკითხის განვითარება არ შეიძლება. ასევე ეუბნებოდნენ, რომ ანაკლიას ჩვენ ამ ფორმატში ხელს ვერ მოვაწერთ.
მე დაგანახეთ რომ არც ბანკს ვეფარები და არც ანაკლიას, მე გადავდექი რომ ბანკი მძიმე მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა, მაგრამ როგორც მიდის პროცესები, 600 მილიონს უნდა მოვაწეროთ ხელი მაის-ივნისში, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენი მონაწილეობით მოხდეს ამ კონტრაქტის დახურვა.
მე მინდოდა მთელი სურათი მეჩვენებინა თქვენთვის. და ბოლოს, მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მისი მოადგილის კომპეტენციას. არ ვიცი, ამის მოთხოვნის უფლება მაქვს თუ არა, მაგრამ მინდა, რომ დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე, არ ვიცი, მაქვს თუ არა ამის უფლება და როგორ არის პროცედურულად, მაგრამ მოვითხოვ, შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც ყველა იმ დეტალს, წერილს და კიდევ ბევრ ნიუანსს გაგაცნობთ და ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, - განაცხადა ხაზარაძემ კომიტეტის სხდომაზე.