ტყუილია, რომ ვიღაცამ გადამაყენა თანამდებობიდან. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც დავწერე თვითმფრინავში, როდესაც კამბოჯაში მივემგზავრებოდი იაპონელებთან შეხვედრაზე და გადავდექი სწორედ იმის გამო, რომ ბანკი არ ჩამონგრეულიყო, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები მას და ბანკის კიდევ ერთ დამფუძნებელს ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ.
ხაზარაძემ ეროვნული ბანკისგან მიღებული წერილიც შეაფასა.
„მე გაოცებული დავრჩი. ინგლისურად ამას ჰქვია blackmailing, ქართულად ჰქვია „შანტაჟი“ ანუ მეუბნებიან, რომ თქვენ გადადექით. გასაგებია, რომ ისინი ვერ წავიდოდნენ ე.წ. პროკურატურის ვერსიასთან წინააღმდეგობაში. ამის მერე მე ვუთხარი, მე მირჩევნია მომხსნათ, იმიტომ რომ ეს არის დისკრიმინაცია, ეს არის უფლებების შელახვა და არაპროპორციული ზომები ჩვენს მიმართ. ამის მერე მოგვდის ხუთი წერილი და ბანკის აქციები ისევ ვარდება ყველაზე დაბალ ნიშნულზე,“ - განაცხადა ხაზარაძემ.