მამუკა ხაზარაძეს „რეპუტაციის დანგრევით“ შს მინისტრი გიორგი გახარია ემუქრებოდა. ამის შესახებ ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„მე არ დაველოდები კომისიის შექმნას და გეტყვით, რომ მუქარის წერილი მივიღე შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან“ - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ დეპუტატ ირმა ნადირაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ცნობისათვის, მანამდე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მან მიიღო წერილი ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც პირდაპირი მუქარით ეუბნებოდა, რომ ისინი დაანგრევდნენ მათ რეპუტაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
„გადავდექი იმის გამო, რომ ბანკი მთლინად არ ჩამოქცეულიყო, არ მინდა ის კომენტარები წაგიკითხოთ, რაც ჩვენი ინვესტორებისგან მოდის, ეს არის ძალიან სამწუხარო შეფასებები. ლაპარაკია ფონდებზე, ბანკებზე და ა.შ. არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც პირდაპირ მუქარით მეუბნება, რომ ისინი დაანგრევენ ჩვენს რეპუტაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.