საქართველოში მამაკაცისა და ქალის ხელფასს შორის სხვაობა 37%-ს შეადგენს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მესამე კვარტალში (სრული წელი ჯერ არ გამოქვეყნებულა) დაქირავებით დასაქმებული მამაკაცების საშუალო ხელფასი 1 360,5 ლარს შეადგენდა, ქალების - 851 ლარს. ანუ საქართველოში მამაკაცები ქალებზე 37%-ით მეტ ხელფასს იღებენ.
თუმცა დღესდღეობით ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურებას შორის სხვაობა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოში თითქმის ყველა ბაზრისთვის არის დამახასიათებელი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ქალები მამაკაცებთან შედარებით, საშუალოდ, 20%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ. ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურებაში არსებულ მსგავს სხვაობას სოციალური უსამართლობის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებად მიიჩნევენ.
ექსპერტების მოსაზრებით, ანაზღაურების გენდერული სხვაობა ნაწილობრივ განათლების განსხვავებული დონით, დაკავებული თანამდებობებითა და ტრადიციულად „ქალებისა“ და „მამაკაცების“ პროფესიების განსხვავებული ანაზღაურებით აიხსნება. თუმცა ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ რჩება აუხსნელი მიზეზები, რომლებიც გენდერულ დისკრიმინაციაზე მიუთითებენ.
მაგალითად, ქალები, რომლებსაც შვილები ჰყავთ, გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებენ, მათთან შედარებით, ვისაც შვილები არ ჰყავთ. ამასთანავე, ფაქტები იმაზეც მეტყველებს, რომ ანაზღაურების გენდერული სხვაობა ჯერ კიდევ იქამდე ჩნდება, სანამ კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმებული ქალი დედა გახდება.
შრომის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა პაკისტანშია - ის 62,5%-ს შეადგენს, მეორე ადგილს ნეპალი იკავებს, სადაც ანაზღაურების გენდერული დისბალანსი 44,7%-ია.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ნიდერლანდებში ფიქსირდება - აქ ქალები მამაკაცებთან შედარებით 40,3%-ით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ.
თანასწორი ანაზღაურების თვალსაზრისით საუკეთესო მდგომარეობა პანამაში, იორდანიასა და კაბო-ვერდეშია - ამ ქვეყნებში სხვაობა 0-ის ტოლია. ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურებას შორის მინიმალური სხვაობით პირველ ხუთეულში რუმინეთი - 1,8%, ბულგარეთი - 2,1%, ფილიპინები - 2,6%, ეკვადორი -4,6% და ბანგლადეში - 4,7% შედიან.
კვლევის შედეგად ისეთი ორი ქვეყანაც დაფიქსირდა, სადაც ქალების ანაზღაურება უმნიშვნელოდ, თუმცა მამაკაცების ანაზღაურებას მაინც ჭარბობს. ტაილანდი და სიერა-ლეონე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს არ განეკუთვნებიან, თუმცა აქ ქალები მამაკაცებთან შედარებით შესაბამისად 2,5 და 5,5 პროცენტით მეტ ანაზღაურებას იღებენ.
მსოფლიო ბანკის ექსპერტების შეფასებით, შრომის არათანაბარი აზღაურების გამო ქვეყნები ყოველწლიურად ტრილიონობით დოლარს კარგავენ, უფრო კონკრეტულად, განათლებასთან ქალების შეზღუდული წვდომისა და წარმოების გაზრდის მიმართულებით არარეალიზებული შესაძლებლობების გამო, მსოფლიო ყოველწლიურად კი 15-დან 30 ტრილიონ დოლარამდე ზარალს იღებს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის ანგარიშში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ მაშინ, როდესაც მთავარი ღირებულება ნიჭი ხდება, სახელმწიფოს წარმატება კი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ინოვაციურია ის, ყოველთვის ის ქვეყანა გაიმარჯვებს, რომელიც აღნიშნულ პროცესებში ქალების ინტეგრაციას წარმატებით შეძლებს.
მოამზადა: სალომე აბულაშვილი