ვინ არის და რას საქმიანობს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ქალის ქონება 49,3 მილიარდ დოლარად შეაფასა.

ყველაზე მდიდარი ქალის ტიტული კოსმეტიკური იმპერია L’Oréal-ის მემკვიდრეს ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერს ერგო. იგი კომპანიის დამფუძნებლის ეჟენ შულლეს შვილიშვილია.

ამჟამად მის ოჯახს L’Oréal-ის აქციების 33,1% ეკუთვნის.

გამოცემის ინფორმაციით, ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერს მილიარდერთა სიაში მე-15 ადგილი უკავია. გასულ წელს ბეტანკურ-მაიერსის ქონება 17%-ით, ანუ 7,1 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ სიმდიდრის 90% უკავშირდება კომპანიას, რომელსაც ყველაზე მეტი გაყიდვების მაჩვენებელი უფიქსირდება. გასულ წელს გაყიდვების მაჩვენებელი 30.6 მილიარდი დოლარი იყო.

ბეტანკურ-მაიერსი ცხოვრობს პარიზში და ოჯახის დაარსებული საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტია. ფონდი ხელს უწყობს მეცნიერებასა და ხელოვნებას, ასევე აქვს სოციალური პროგრამები, ეხმარება აუტიზმის მქონე ბავშვებს. ფონდის შემოწირულობები ასევე ეთმობა ნეირონების კვლევას.

აქამდე მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი კომპანია L’Oréal-ის დამაარსებლის შვილი, ფრანსუაზის დედა, ლილიან-ბეტანკური იყო. ლილიანი 2017 წლის სექტემბერში, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლილიანი Forbes-ის სიაში პირველად 1987 წელს მოხვდა.

ლილიან ბეტანკურის სიკვდილის შემდეგ ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიოში ელის უოლტონი გახდა, რომლის ქონების ღირებულება 33,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ლილიან ბეტანკური მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კოსმეტიკური კომპანიის L'Oreal ის დამფუძნებელის ეჟენ შულლეს ერთადერთი ქალიშვილი იყო.

1907 წელს დაარსებული პატარა კომპანიიდან, რომლის საწყისი კაპიტალი 800 ფრანკი იყო, უდიდეს კომპანიად იქცა. ლილიანმა მამის კომპანიაში მუშაობა 15 წლის ასაკიდან დაიწყო.

ამჟამად L'Oreal-ი კოსმეტიკური ბაზრის ოთხ სფეროში მუშაობს: თმის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა, კანის მოვლის საშუალებები და პარფიუმერია. ნაწარმი 22 ქვეყნის 47 ქარხანაში მზადდება. საწარმოებში 13 ათასი კაცი მუშაობს, ლაბორატორიებში - 2700 ქიმიკოსი, რომლებიც ყოველწლიურად 3 ათასზე მეტ ახალ კოსმეტიკურ ფორმულას იგონებენ.

ბოლო ათი წელია, L'Oreal-ი ისტორიულად ფრანგული კომპანიიდან გლობალურ ჰოლდინგად იქცა.

ლიკა ამირაშვილი