საქარე მინასა და სარკეებზე ლაქებისა და ბზარების არსებობის შემთხვევაში ინსპექტირებას ვერ გაივლით - რა ცვლილება შევიდა ინსპექტირების წესში?

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებები შევიდა.

მათ შორის, ცვლილებების მიხედვით, გარკვეული საშეღავათო პერიოდი დაწესდა იმ ავტომობილებზე, რომელთაც საქარე მინაზე ბზარები აქვთ. კერძოდ, 2020 წლის პირველ იანვრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, მინამწმენდის (ნაკენჭურის) მოქმედების არეში დაშვებული იქნება სამი წერტილოვანი დაზიანების არსებობა, თუკი მისი დიამეტრი 5 მმ-ს არ აღემატება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცვლილების თანახმად, 2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე მინამწმენდის მოქმედების არესა და სარკეებზე დაუშვებელი იქნება როგორც ბზარების, ასევე ლაქების არსებობა.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულოა.

თაია არდოტელი