შპს „ბლექ სი არენა“ მთავრობის გადაწყვეტილებით, მართვის უფლებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ ოზურგეთის რაიონის, სოფელ ნატანებში (შეკვეთილი), 2016 წლის 15 ივლისს დაფუძნდა. ის ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია საქართველოში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კულტურის, ხელოვნებისა და გართობის ინდუსტრიის სფეროში საქმიანობაა.
დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით, 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, 2016 წლის 10 ივლისს არენა ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.
ცნობისთვის, შპს „ბლექ სი არენამ“ 2016 და 2017 წელი ზარალით დაასრულა. უფრო დეტალურად კი, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ბლექსის“ ზარალი - 6,533 მლნ ლარი; 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი, 167 ათასი ლარი იყო.
ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, შპს „ბლექ სი არენას“ შემოსავალმა 2017 წლის ბოლოს ჯამში, 12,514 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 11,945 მლნ ლარი სახელმწიფო სუბსიდიებიდან მიღებული შემოსავალი იყო. ამასთან, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საკონცერტო დარბაზი საანგარიშო პერიოდში 65,729 მლნ ლარის აქტივებს ფლობდა.