თაფლის წარმოება რომ არ "წაგვმწარდეს"

"ევროკავშირში თაფლის გატანა მხოლოდ ოქტომბრის შემდეგ გახდება შესაძლებელი"

ევროკავშირის ბაზარზე თაფლის გატანას საქართველო ჯერ მხოლოდ გეგმავს. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება არ შეამსუბუქებს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ევროპელები საკუთარ ბაზარზე დასაშვებად ამ სასურსათო პროდუქტს უყენებენ. ქართულ თაფლს მკაცრი შემოწმების გავლა მოუწევს, მათ შორის, ანტიბიოტიკებსა და პესტიციდებზე. ფუტკრის წამლობისას ჩვენთან ხშირად გამოიყენება აკრძალული თუ ვადაგასული პრეპარატები, ანდა მეფუტკრეებმა მათი სწორად მოხმარება არ იციან.

გიორგი კეპაშვილი, საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე:

- თაფლი ერთადერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია, რომელიც ხარისხობრივად 20-ზე მეტ მონაცემზე ისინჯება. განვითარებული ქვეყნები დიდ ყურადღებას უთმობენ ამ პროდუქტის პირველად წარმოებასა და გადამუშავებას. სტატისტიკის თანახმად, საშუალოდ მსოფლიოში ადამიანი წელიწადში 4 კილოგრამ თაფლს მოიხმარს, საქართველოში ეს მონაცემი ოთხჯერ ნაკლებია. ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ნახევარმილიარდიანი ბაზარი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჯერ მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს. აუცილებელია თაფლის პირველადი წარმოება თანამედროვე ტექნოლოგიებით და მომხმარებლისთვის უსაფრთხო პირობებში; აუცილებელია მეფუტკრეთა ცოდნის ამაღლება. სამწუხაროდ, ფუტკრის მკურნალობისას დღესაც იყენებენ ისეთ პრეპარატებს, რომელთა გამოყენება არ შეიძლება, ვადაგასულია ან მათი მოხმარება არ იციან. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 50 ათასი მეფუტკრე და 380 ათასი ფუტკრის ოჯახია. სწორად მუშაობით შესაძლებელია ერთი სკიდან 11,8 კილოგრამი თაფლი კი არ ამოვიღოთ, არამედ 30-50 კილოგრამი და ასეთი პრეცედენტები არსებობს. ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე წარმოება კონკურენციას ვერ გაუძლებს.

საქართველოში არსებულ ლაბორატორიებში თაფლის შემოწმებისთვის აუცილებელი 20 პარამეტრიდან შესაძლებელია 18-ის გამოკვლევა. ჩემი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, სექტემბერ-ოქტომბერში ამოქმედდება ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იქნება ოცივე პარამეტრის განსაზღვრა და მის ასაშენებლად 1 მილიონი ევროა გამოყოფილი. შესაბამისად, ევროკავშირში თაფლის გატანა მხოლოდ ოქტომბრის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

- ევროპას მხოლოდ ხარისხზე არა აქვს მოთხოვნა...

- ხარისხის გარდა ევროპაში მოითხოვენ ერთგვაროვანი პროდუქციის მიწოდებას, ასეთი რამ კი მხოლოდ ქარხნული წარმოებისას არის შესაძლებელი. ქართველ მეფუტკრეებს კი ურჩევნიათ, ზურგზე აიკიდონ ჩანთები და ყველა სავაჭრო ობიექტში, დაწესებულებაში შევიდნენ თითო ქილა თაფლის გასაყიდად. იფლანგება დრო, ენერგია, ფული და მოგებითაც უკმაყოფილო არიან. არადა, ხომ შეიძლება, 1 კგ თაფლი 12-ის ნაცვლად 8 ლარად გაყიდონ, სამაგიეროდ, ერთიანად და ზედმეტი დანახარჯის გარეშე. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მოთხოვნაა, რომ ქართულ თაფლს იმ შემთხვევაში იყიდის, თუ მინიმალური პარტიის მოცულობა 100 ტონა იქნება.

თაფლის ევროპაში შეტანამდე ადგილობრივი მომხმარებლის უფლებები უნდა დავიცვათ. სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს ეს პროდუქტი, უკონტროლობით დარგის უკუსვლას ვუწყობთ ხელს. მომხმარებელს უფლება აქვს, მოსთხოვოს გამყიდველს, არის თუ არა გასაყიდი პროდუქტი სერტიფიცირებული. თაფლში შესაძლებელია იყოს მძიმე ლითონების ჭარბი რაოდენობა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს საფრთხეს უქმნის; შესაძლებელია იყოს დარიშხანის ნორმაზე მეტი რაოდენობა, დაბინძურებული იყოს სხვა ნივთიერებებით. ეს მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით დადგინდება.

- რამდენად გაუძლებს კონკურენციას ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე?

- ჩვენმა თაფლმა განსხვავებული ნიშა უნდა დაიკავოს. ქართული თაფლი არის ნატურალური და ორგანული პროდუქტი, რადგან ჩვენ არ "ვაყენებთ" ფუტკარს პლანტაციებზე. მდიდარია საქართველოს ფლორა, აქ არსებული მცენარეების 3/4 სხვაგან არ გვხვდება. გასათვალისწინებელია ქართული ფუტკრის ფენომენიც, რომელსაც სამი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ და ევროკავშირის ბაზარზე გავიტანოთ ექვსი სახეობის თაფლი: ალპური, სუბალპური, გაზაფხულის მინდვრის თაფლი, აკაციის, წაბლისა და ცაცხვის.

- მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის რა შანსი აქვს?

- თაფლის ძმარი მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი გამაახალგაზრდავებელი პროდუქტია, მას შეუძლია განკურნოს ტონზილიტი, ფარინგიტი, ანგინა, გასტრიტი, დისბაქტერიოზი, აქვს გამაყუჩებელი თვისებებიც. იტალიური წარმოების 250-გრამიანი ეს პროდუქტი 83-დან 150 ევრომდე ღირს. ჩვენც შეგვიძლია ამ პროდუქტისა და კიდევ ყვავილის მტვრის, სადედე რძის, დინდგელისა და ფუტკრის შხამის წარმოება. ყველა ამ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებაზე კოსმეტიკის წარმოებაში დიდი მოთხოვნაა.

საქართველოს მეფუტკრეთა გილდიამ შევიმუშავეთ M"მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგია 2014-2020 წლებში", რომელიც განხილვისთვის პარლამენტს წარედგინა. ჩვენი გათვლებით, თუ ამ სტრატეგიის მიხედვით ვიმოქმედებთ, 2020 წლისთვის საქართველოში შესაძლებელი იქნება 11 ათასი ტონა თაფლის წარმოება, საიდანაც 8 ათასი ტონა სასურსათო თაფლი იქნება, რომელიც ექსპორტზე გავა.

ციფრების ენით

"საქსტატის" ცნობით, 2013 წელს საქართველოდან ექსპორტით 6-ჯერ მეტი თაფლი გავიდა (17 ტონა - 116,7 ათასი დოლარის ღირებულების), ვიდრე 2012 წელს (2,7 ტონა - 29,2 ათასი დოლარის ღირებულების).

2013 წელს ყველაზე მეტი თაფლი ლიბიაში გავიდა (12,9 ტონა - 62,4 ათასი დოლარის ღირებულების), 2012 წელს კი ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, სადაც 2012 წელს 2,6 ტონა თაფლი გავიდა.

ემა ტუხიაშვილი

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”