2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 21%-ით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია, როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. აღსანიშნავია პოლონეთის ბაზარი, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 42% (628022), ჩინეთი - 7% (600783), და აშშ - 1032% (128145); ასევე ევროპის მიმართულებით: ლიტვა - 75% (104616), საფრანგეთი - 24% (17406), შვედეთი - 313% (9000), ბულგარეთი - 6% (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: რუსეთი - 17% (8688854), ბელორუსი - 1389% (80394), აზერბაიჯანი - 8% (8814), მონღოლეთი - 189% (66012) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (8688854), უკრაინა (976482), პოლონეთი (628022), ჩინეთი (600783) და ყაზახეთი (346152).
წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 115-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ასევე, მსოფლიოს 10 ქვეყანაში ექსპორტირებულია 85,4 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 188% შეადგინა.
მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 43,6 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 13%-ს აღწევს.