ბენზინგასამართი სადგურების შემოწმების შედეგად, ბენზინში ტყვია არ აღმოჩნდა

დაახლოებით 240-მდე სინჯი ავიღეთ 80 ავტოგასამართ სადგურზე. არსად არ დაფიქსირდა ტყვიის შემცველობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, უწყებამ გასულ წელს დეკემბერში ჩაატარა მიზნობრივი კვლევა საწვავში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით. საწვავის სინჯები საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ შეისწავლა.

„საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ საავტომობილო ბენზინი ტყვიას შეიცავს და ამ კვლევით მინიმუმ დადასტურდა, რომ დღეს არსებული მდგომარეობით საავტომობილო ბენზინში ტყვია არ ფიქსირდება, თუმცა ამის მაჩვენებელი ასევე გახლავთ ატმოსფერული ჰაერის კვლევები, სადაც ბოლო 5 წელია ტყვიის შემცველობა არ გამოვლენილა,“ - აცხადებს კორკოტაძე.

ცნობისთვის, ავტოგასამართი სადგურები რეალიზაციისას საწვავის ხარისხის ნორმებთან შეუსაბამობის გამო 8 000 ლარის ოდენობით ჯარიმდებიან, ხოლო როდესაც ქვეყანაში ისეთი ბენზინის ან დიზელის საწვავის იმპორტი ხდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, სანქცია 10 000 ლარია.