პროფესიული პროგრამის სტუდენტები შესაძლოა, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდნენ

პროფესიული პროგრამის სტუდენტები შესაძლოა, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდნენ.

ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მოქმედი რედაქციით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის („სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება“) პირველი პუნქტი პროფესიულ სტუდენტებზე არ ვრცელდება.

ამასთან, როგორც პროექტშია განმარტებული, პროფესიული სტუდენტი არის პირი, რომელიც სწავლობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

„მიზანშეწონილია, რომ წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულების გადავადება გავრცელდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებზე. საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ კოლეჯებს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროფესიული სტუდენტები ვერ სარგებლობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით, რაც ხელს უშლის პროფესიული განათლების უმაღლესი განათლების სრულფასოვან ალტერნატივად განხილვის შესაძლებლობას.

კანონპროექტის მიღება გამოიწვევს შემდეგ დადებით შედეგებს:

  • შესაძლებელი გახდება პროფესიული განათლების შესახებ კანონით გათვალისწინებული ახალი შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება;
  • გაიზრდება პროფესიულ განათლებაზე გამოყოფილი დაფინანსების ეფექტურობა; შემცირდება დისბალანსი აკადემიური და პროფესიული სტუდენტების რაოდენობებს შორის;
  • გაიზრდება პროფესიული განათლების პოპულარობა;
  • გაიზრდება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი, კვალიფიციური ადამიანური რესურსის მიწოდება;
  • წვევამდელი, რომელიც უკვე ფლობს ამა თუ იმ პროფესიას, მეტად ვალიდური გახდება სამხედრო სამსახურის გასაწევად;
  • შემცირდება მოთხოვნა უცხო ქვეყნის საეჭვო ხარისხისა და რეპუტაციის საგანმანათლებლო სერვისებზე,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანია.

თაია არდოტელი