ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 625,236 მგზავრს მოემსახურა. რაც 25%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 500,687 მგზავრი), - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, თებერვალში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თებერვალში 238,445 მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 210,802 მგზავრი ). ასევე 2 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13% შეადგინა (2018 წელი 433,202 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის თებერვალში 111%-ით გაიზარდა და 47,573 მგზავრი შეადგინა (2018 წლის თებერვალში - 22,514 მგზავრი). რაც შეეხება 2 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 103,468 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112%-ით მეტია. (2018 წლის 2 თვე - 48,859).
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის თებერვალში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 14,278 მგზავრმა ისარგებლა, რაც 87%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის თებერვალი - 7,625 მგზავრი). რაც შეეხება 2 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 67%-ით გაიზარდა და 30,251 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 18,129 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 2019 წლის თებერვალში 351 მგზავრს მოემსახურა, რაც 228%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 თებერვალი - 107 მგზავრი).
ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის თებერვალში 35 -მა მგზავრმა ისარგებლა, სულ კი 6 რეისი შესრულდა, რაც 30%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 თებერვალი - 27 მგზავრი, 3 რეისი, მგზავრების ზრდა 30%).
ჯამში, 2 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 894 მგზავრმა ისარგებლა, რაც 80%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი - 497).