აზერბაიჯანი საბაჟოზე წესებს ცვლის

აზერბაიჯანმა საბაჟოზე შემოწმების წესები შეცვალა. როგორც გამოცემა Day.Az წერს, ამის შესახებ ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტმა სამშაბათს გაავრცელა.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყველა პროდუქტზე საბაჟო ექსპერტიზის ჩატარება სავალდებულოა. საბაჟოს ექსპერტებს შეუძლიათ უარი თქვან დასკვნის გაცემაზე, თუ საკითხი სცილდება მათ პროფესიულ ცოდნას, ან წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ არის საკმარისი საბაჟო დასკვნის დასაწერად.

ახალი წესების ამოქმედებამდე, საბაჟო ექსპერტიზაზე უარის თქმა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის დაწერა ვერ ხერხდებოდა არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო.

აღნიშნულ ცვლილებებს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ნოვრუზ მამედოვმა ხელი უკვე მოაწერა.

ნინი ქეთელაური