ალტერნატიული აუდიტის ინსტიტუტი უქმდება

ალტერნატიული აუდიტის ინსტიტუტი უქმდება.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ პროექტებს შორის, რომელსაც შემოსავლების სამსახური პროფესიონალი კადრების მომზადების მიზნით ახორციელებს, ერთ-ერთი უმთავრესია აუდიტის პროგრამა.

"ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანებით, დამტკიცებული წესის მიხედვით, პირისთვის აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. პირს ენიჭება აუდიტორის უფლებამოსილება და მიეკუთვნება პირველი ან მეორე კატეგორია. აუდიტორს, რომელსაც მინიჭებული აქვს პირველი კატეგორია, ალტერნატიული აუდიტის ჩაბარებისთვის გადასახადის გადამხდელის ბრუნვის ოდენობის მიხედვით, შეზღუდვა არ უწესდება. აუდიტორს, რომელსაც მინიჭებული აქვს მეორე კატეგორია, უფლება აქვს ალტერნატიული აუდიტი ჩაუტაროს იმ გადასახადის გადამხდელს, რომლის დეკლარირებული წლიური ბრუნვა ან ერთობლივი შემოსავალი შესამოწმებელი პერიოდის ცალკეული საგადასახადო წლის მიხედვით არ აღემატება 500 000 ლარს. წლიური ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის ან ხარჯის აღნიშნული ოდენობა შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევისა და რისკების შეფასების საფუძველზე განისაზღვრა. აღნიშნული კატეგორიის პირები არ წარმოადგენენ მაღალი რისკის გადასახადის გადამხდელებს", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების პროექტი 2015 წლის 1 იანვარს დასრულდება. რაც შეეხება იმას, თუ რა ბედი ელის კერძო აუდიტორებს, ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, მათ ყოველთვის ექნებათ საშუალება, განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, მხოლოდ არ ექნებათ შემოსავლების სამსახურის ტოლფასი აუდიტორული აქტის გამოწერის უფლებამოსილება.