თებერვალში წარმოდგენილი Samsung Galaxy Fold, რომელიც რბილეკრანიანი პირველი სმარტფონია კომპანიის სამოდელო ხაზში, არ იქნება ერთადერთი კეცვადი ეკრანის მქონე სმარტფონი. კომპანია სამომავლოდ მინიმუმ, ორი ამ ტექნოლოგიის სმარტოფნის გამოშვებას აპირებს - წერს Bloomberg.
გამოცემის წყაროს ცნობით, Samsung ამ პროდუქტებზე უკვე მუშაობს, პირველი მათგანი წლის ბოლომდე გამოვა, რომელსაც ვერტიკალურად კეცვადი დისპლეი ექნება. რაც შეეხება მეორე მოდელს, მან უნდა მიიღოს ისეთივე ტრანსფორმაციის მექანიზმი, როგორიც აქვს ახლახან წარმოდგენილ Huawei Mate X-ს. მისი გამოსვლა მომავალ წელს არის დაგეგმილი.
კომპანიის ინჟინრები ამჯერად Galaxy Fold მოდელის სრულყოფაზე მუშაობენ. ისინი ცდილობენ, ამჟამინდელი 10 ათასი დაკეცვის ციკლის გაზრდას. სულ კომპანია მსგავსი მოდელის 1 მილიონი ეგზემპლარის გამოცემას აპირებს. კომპანიას ესმის, რომ ეს ტექნოლოგია ჯერ არ არის მყარი, ამიტომ მყიდველებს დაზიანების შემთხვევაში მისი უფასოდ შეცვლის გარანტიას აძლევს. შეგახსენებთ, ეს მოდელი გაყიდვაში შემოდგომაზე უნდა გამოჩნდეს.
გავრცელებული ხმებით, კეცვად სმარტფონს მალე წარმოადგენს Lenovo და მას Moto RAZR ერქმევა. უკვე იმასაც ამბობენ, რომ მისთვის ეკრანების მიწოდებას Samsung განახორციელებს. ასევე გავრცელებული ხმებით სამხრეთ კორეულ კომპანიას კეცვადი ეკრანების მიწოდების შესახებ შეკვეთები მისცეს Apple-მ და Google-მაც. შედეგად კომპანია ცდილობს, გახდეს კეცვადი ეკრანების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი მსოფლიოში. ამ მომენტისთვის მას წლიურად 2,4 მილიონი მსგავსი ეკრანის მიწოდება შეუძლია, თუმცა მაღალი მოთხოვნის პირობებში მის გაზრდას 10 მილიონამდე შეძლებს.
შეგახსენებთ, Samsung ამ დროისთვის არის მსოფლიოს უმსხვილესი OLED-ეკრანების მიმწოდებელი, მასზე მოდის მსოფლიო ბაზრის 95%. უფრო მეტიც, მას აქვს ექსკლუზიური უფლება iPhone-ებისთვის ეკრანების მიწოდებაზე. მისი ყველაზე ახლო კონკურენტი არის - LG Display, რომელიც განვითარების ტემპებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება.