„განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც მან ახალი ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა.

მისი თქმით, შარშან, იყალთოს აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე დაანონსდა განათლების ფართომასშტაბიანი რეფორმა 2019-2022 წლებისათვის.

„ეს რეფორმა ხორციელდება ხუთივე მიმართულებით: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. მაშინ ითქვა, რომ ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად და ეს პროექტი უკვე ამოქმედდა. მაგრამ ახლა, ჩვენ ხარისხოვნად ახალ ეტაპზე გვსურს გასვლა. განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით - „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს განათლების სექტორში ყოველწლიურად. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, კერძო სექტორის მხრიდანაც გამოიწვევს ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის დომინანტი სექტორი და მიაღწევს 10-11%-იან წილს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან და სინგაპურთან ერთად, საქართველო გახდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

„ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.