საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი ბინიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი ე.წ. ელექტრო სიგარეტი IQOS-ისთვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის 2 890 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 15 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.