ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებები შევიდა.
მათ შორის აღსანიშნავია, რომ ავტომობილი მუქი გამონაბოლქვის შემთხვევაში ტექინსპექტირებას ვეღარ გაივლის.
გარდა ამისა, ავტომობილის დახარვეზების საფუძველს აღარ წარმოადგენს საქარე მინაზე ბზარების არსებობა. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ იანვრამდე დასაშვები იქნება მინამწმენდის მოქმედების არეში, არაუმეტეს სამი წერტილოვანი დაზიანების არსებობა, რომელთა დიამეტრი არ აღემატება 5 მილიმეტრს.
ამასთან, ცვლილებების თანახმად, ტექინსპექტირების ორგანოებში შემოწმებას აღარ დაექვემდებარება ავტომობილის დამუქებული მინები. შესაბამისად, ამაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღარ დახარვეზდება.
რეგლამენტში შესული ცვლილების მიხედვით, აღარ მოხდება ფერის გამო დახარვეზებაც. საუბარია, ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ავტომობილს აქვს სტიკერები, სარეკლამო ბანერები და ფაქტობრივად, შეუძლებელია ფერის გარჩევა. იგივე ე.წ. შპაკლზეც აღარ დახარვეზდება ავტომობილი.