რომელია მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყანა

ესპანეთი ამაყობს თავისი უგემრიელესი სამზარეულოთი, შესანიშნავი კლიმატით, ამაღელვებელი მუსიკითა და მომხიბლავი ისტორიით.

ახლა მას შეუძლია კიდევ ერთი ჯილდოთი იამაყოს, ის მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ქვეყანაა.

„ბლუმბერგმა“, მსოფლიოს ბანკმა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 169 ქვეყნას შორის ესპანეთი ყველაზე ჯანმრთელ ერად დაასახელა. მათ ერთმანეთს შეადარეს ქვეყნებში მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა, თამბაქოს მოხმარების რაოდენობა, ჰაერის ხარისხი და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომა.

შედეგებმა აჩვენეს, რომ ესპანეთმა 2017 წელთან შედარებით მე-6 ადგილიდან პირველ ადგილზე გადაინაცვლა, მეორე ადგილზეა იტალია, შემდეგ ისლანდია, იაპონია და შვეიცარია.

ვაშინგტონის ჯანმრთელობისა და მედიცინის ინსტიტუტის შეფასებით, 2040 წლისთვის ესპანეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 86 წელი გახდება.

ევროპის ობსერვატორიის თანამშრომლების თქმით, ესპანეთში 2018 წელს კარდიოვასკულური დაავადებებისა და კიბოსგან გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება დაფიქსირდა.

პირველ ოცეულში ევროპის მაღალი შემოსავლის ქვეყნები დომინირებენ. ამის საპირისპიროდ, 20 ყველაზე დაბალი ხარისხის მქონე ქვეყნებს შორის არიან საჰარის აფრიკა, იემენი, ავღანეთი და ჰაიტი.

რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სისტემა ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ამ კუთხით ესპანეთი, რომელიც ჯამრთელ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა, ამჯერად მეექვსე ადგილს იკავებს.

ლიკა ამირაშვილი