„ტექნო ბუმი“ გაყიდვების ახალ სისტემაზე გადადის - „ვვარაუდობთ, რომ 6 თვეში საბანკო რეგულაციების შედეგად შემცირებული გაყიდვები შეივსება“

თვის ბოლომდე „ტექნო ბუმში“ გაყიდვების ახალი სისტემა ამოქმედდება. საუბარია, შიდა განვადებებზე, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობა აღარ მოუწევთ. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ სუბრისას აცხადებს, აღნიშნული მიდგომით, სავარაუდოდ, კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზრდება. მეტიც, მისი თქმით, ნახევარ წელში საბანკო რეგულაციების შედეგად შემცირებული გაყიდვების მოცულობა ისევ შეივსება.

„ტექნო ბუმის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, შიდა განვადებებთან დაკავშირებით მომწოდებლებთან შეთანხმება მიღწეულია და ახლა უკვე კონსულტაციები კოლექტორულ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მიმდინარეობს, რომლებმაც რისკები უნდა დააზღვიონ.

„თითქმის ყველა პროცესი გავლილია, ახლა მიმდინარეობს კოლექტორული და მიკროსაფინანსო კომპანიების შერჩევა, რომელიც დააზღვევს რისკებს. ანუ, თუკი მომხმარებელი სესხს არ გადაიხდის, ეს კომპანიები აანაზღაურებენ და არა „ტექნო ბუმი“. მომხმარებლების საკრედიტო ისტორიაზე წვდომაც სწორედ მათ ექნებათ, „კრედიტ ინფოს“ საშუალებით“,-აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

მისი თქმით, მომხმარებლებს განვადების გაფორმების პროცესში ურთიერთობა მხოლოდ „ტექნო ბუმის“ თანამშრომლებთან მოუწევთ, შესაბამისად, ბანკებთან შეხება აღარ ექნებათ.

„მომხმარებლებთან განვადებას ჩვენი თანამშრომლები გააფორმებენ, შესაბამისად, ეს პროცესი გაცილებით ოპერატიული იქნება. იგივე პრინციპი იმოქმედებს ონლაინ განვადებებზეც. მომხმარებლები სახლიდან გაუსვლელად მიიღებენ განვადებით შეძენილ ნივთს“,-აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

კონკრეტულად რომელ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მიმდინარეობს კონსულტაციები, ანზორ ქოქოლაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, „ტექნო ბუმის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, არის იდეა, რომ თუ მოხერხდა, უპროცენტო განვადებაც იყოს. თუმცა, ეს საკითხიც მოლაპარაკების პროცესშია და როდესაც გადამზღვევ კომპანიებთან შეთანხმება მოხდება, ამის შემდეგ გასაჯაროვდება.

როგორც ანზორ ქოქოლაძე აღნიშნავს, კომპანიას აქვს მოლოდინი, რომ ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ გაყიდვები გაიზრდება - „ვვარაუდობთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ საბანკო რეგულაციების შედეგად შემცირებული გაყიდვების რაოდენობა ნახევარ წელიწადში შეივსება“,- აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

შეგახსნებთ, რომ გასული წლის 7 მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კომერციულ ბანკებს კრედიტის გაცემა შეეზღუდათ. თვითდასაქმებულებს კომერციული ბანკიდან თანხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა სჭირდებათ. საყოფაცხოვრებო ნივთების ან ტექნიკის განვადების წესით შეძენის დროსაც იგივე პრინციპი მოქმედებს. ამას დაემატა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა.

ქოქოლაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, რომ საბანკო რეგულაციების შედეგად კომპანიას გაყიდვების რაოდენობა 50%-ით შეუმცირდა.

ნინი ქეთელაური