ახლა რომ მივიღოთ კანონი საქართველოში აიკრძალოს 140 კილოგრამს ქვემოთ ადამიანების პარლამენტში არჩევა ან მინისტრად განწესება, თუ იგი არის 140 კილოგრამზე ნაკლები, ამ კრიტერიუმით ბატონო ლევან, თქვენ ვერასდროს გახდებოდით მინისტრი,- ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს.
რომან გოცირიძემ ეს განცხადება მთავრობის იმ დადგენილებაზე საუბრისას გააკეთა, რომლის თანახმადაც, 140 კილოგრამამდე რქოსანი საქონლის ექსპორტზე შეზღუდვა დაწესდა.
რომან გოცირიძის თქმით, მთავრობის დადგენილებამ პრობლემები შექმნა ბაზარზე. გოცირიძე ლევან დავითაშვილისგან პასუხს ითხოვს, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი აკრძალვების დაწესებით გამოწვეულ ზარალზე.
„მთავრობის დადგენილებით აიკრძალა 140 კილოგრამამდე რქოსანი საქონლის ექსპორტი. ვინ არის პასუხისმგებელი მომავალში, როდესაც ძალიან მნიშნველოვნად დაზიანდება ეს სეგმენტი ჩვენი ექსპორტის. ადამიანები ყიდიან საქონელს მაშინ, როდესაც მათ უღირთ და თვლიან, რომ ამ შემთხვევაში არის მომგებიანი მათი ექსპორტი, მითუმეტეს, ეს არის ის სეგმეტი, რომელზეც მოთხოვნა არის ბაზარზე. არ გავყიდით ჩვენ, იყიდიან სხვა ბაზრებიდან. ვის მოუვიდა ასეთი აბსურდული იდეა თავში? იცით ეს იდეა რას მაგონებს? ახლა რომ მივიღოთ კანონი საქართველოში აიკრძალოს 140 კილოგრამს ქვემოთ ადამიანების პარლამენტში არჩევა, ან მინისტრად განწესება, თუ არის იგი 140 კილოგრამზე ნაკლები. ამ კრიტერიუმით ბატონო ლევან, თქვენ ვერასდროს გახდებოდით მინისტრი, ვერც მე და ვერც თინა ბოკუჩავა დეპუტატები. დაახლოებით ასეთი შეზღუდვა გააკეთეთ და ძალიან დიდი ზიანი მიაყენეთ ამ გადაწყვეტილებით მეცხოველეობის დარგს. გვაკარგინებთ ბაზარს, ვისი იყო ეს იდეა და ამ წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგზე ვინ აგებს პასუხს?!“-განაცხადა რომან გოცირიძემ.