რეგიონის მასშტაბით, სასათბურე კიტრის ფასი ყველაზე მეტად საქართველოსა და უკრაინაში გაიზარდა, ხოლო პომიდვრის ფასი შემცირდა.
გასულ კვირას, east fruit–ის სპეციალისტებმა ბაზარზე ბოსტნეულის ფასების მნიშვნელვანი ცვლილებები დააფიქსირეს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რამდენიმე ქვეყანაში პომიდვრის ღირებულება მკვეთრად შემცირდა. აღნიშნული ტენდენცია შეინიშნებოდა საქართველოში, პოლონეთში, უკრაინაში, რუსეთსა და მოლდოვაში. ეს მაშინ, როდესაც ტაჯიკეთში პროდუქტის ფასი გაიზარდა.
თუკი რუსეთში, პოლონეთსა და მოლდოვაში პომიდვრის ფასების შემცირება უმნიშვნელო იყო, საქართველოსა და უკრაინაში ფასები მკვეთრად შემცირდა.
კერძოდ, გასულ კვირას სასათბურე 1კგ პომიდვრის ფასი უკრაინაში 1,3 დოლარი, ხოლო საქართველოში 1,68 დოლარი ღირდა. თუ ამ ფასებს თებერვლის მაჩვენებელს შევადარებთ, ბოლო 7 დღის განმავლობაში პროდუქტის ღირებულება 11-დან 17 %-მდე შემცირდა.
როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამის გამო შესაძლოა, პომიდორზე მოთხოვნა გაიზარდოს, რადგან მომხმარებლისთვის პროდუქტის ფასები სრულიად მისაღებია.
რაც შეეხება სასათბურე კიტრს, გასულ კვირას პროდუქტის ფასები ქვეყნების მიხედვით განსხვავებული იყო.
კერძოდ, იმ ქვეყნებში, სადაც კიტრს ადგილობრივი სათბურები აწარმოებენ, პროდუქტის მოცულობა გაიზარდა, ფასი კი შემცირდა. აღნიშნული ტენდენცია შეინიშნა, რუსეთში, ტაჯიკეთსა და პოლონეთში, სადაც ფასები 6-8%-ით შემცირდა.
რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინას, აქ სასათბურე კიტრის ფასი გაიზარდა. როგორც East fruit-ის ექპერტები აღნიშნავენ, კიტრი იმ ქვეყნებში გაძვირდა, სადაც პროდუქტის ძირითადი ნაწილი იმპორტირებულია. შედეგად ადგილობრივმა მწარმოებლებმა ფასები მაქსიმალურად დაუახლოვეს იმპორტირებულს.