გიორგი ქადაგიძე - კითხვები ეხებოდა ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებსა და 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტს

„2008 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს ოკუპაციიდან 3 კვირის შემდეგ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ფინანსური სექტორის გადარჩენა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საომარი მდგომარეობის დროს პანიკის თავიდან აცილება,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კითხვები ეხებოდა ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებსა და 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტს.

„კითხვები ეხებოდა 2 საკითხს. პირველი - ეს იყო რა ფუნქციები ჰქონდა ზედამხვედველობის სააგენტოს, რაც განსაზღვრულია კანონმდებლობით, ნორმატიული აქტებით და დებულებებით. მეორე კითხვა ეხებოდა 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტს და ინფორმაციას იმის შესახებ, მახსოვს მე თუ არა, ეს აქტი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, არანაირი სხვა საუბარი ტრანზაქციაზე არ ყოფილა და ვერ იქნებოდა, გასაგები მიზეზების გამო.

2008 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს ოკუპაციიდან 3 კვირის შემდეგ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ფინანსური სექტორის გადარჩენა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საომარი მდგომარეობის დროს პანიკის თავიდან აცილება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და მეანაბრეების ინტერესების დაცვა. მე ამაყი ვარ იმითი, რომ ამ პერიოდში ძალიან მაღალი პროფესიული გუნდის ხელმძღვანელობა მომიწია, რომელმაც ფინანსური კრიზისის, ომის და ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ემბარგოს მიუხედავად, შეძლო შეენარჩუნებინა ფინანსური სტაბილურობა იმდაგვარად, რომ არც ერთი თეთრი არ დაკარგულა მეანაბრეეების თანხიდან, ეს არის საზედამხედველო სამსახურის მთავარი ამოცანა. მადლობა მინდა ვუთხრა ეროვნული ბანკის და ფინანსური ზედამხედველობის თითოეულ თანამშრომელს, ვისი ძალიან დიდი შრომის შედეგად მოხერხდა ის, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა გადაურჩა ყველანაირ პრობლემას,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.