ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე სასამართლო წესით ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის მზად არის.
ამის შესახებ ქადაგიძემ საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის წინაშე მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რა ტრანზაქციაზეა საუბარი, როგორ არის საუბარი, სად გადაირიცხა ფული, მართლა გადაირიცხა თუ არა ეს ფული, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მიეწოდება ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მაქსიმალური საჯაროობის უზრუნველყოფა, ასევე იმ ძალიან ხმაურიან განცხადებებზე პასუხები, რომლებსაც საფინანსო საბიუჯეტო-კომიტეტზე მოვისმინეთ.
ყველაფერი დანარჩენი, გარდა 100%-იანი საჯაროობისა, მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტ კითხვას გააჩენს. საუბარი არის საქართველოში ყველაზე მსხვილ ფინანსურ ჯგუფზე, ყველაზე მსხვილი ფინანსური ჯგუფის დამფუძნებლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ხორციელდება ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა. სასამართლო წესით მე ცხადია მზად ვარ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის. ეს ყველას ინტერესშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯაროობა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.