არც ერთი კითხვა არ იყო დასმული უშუალოდ იმ ტრანზაქციაზე, რასაც პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ედავება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ის სრულად იღებს პასუხისმგებლობას იმ საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის თუ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ განახორციელა მისი მმართველობის პერიოდში.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ის მზად არის ნებისმიერ ფორმატში ყველა კითხვას უპასუხოს.
„ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ ვუპასუხო კითხვებს, განსაკუთრებით, თუ ეს ეხება 2008-2009 წლის მოვლენებს და როგორ მოხდა რეაგირება ძალიან რთულ ვითარებაზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა იმ დროს. ეს გამოცდილება ნამდვილად არის გასაზიარებელი და ეს აღნიშნულია უამრავ საერთაშორისო დასკვნაში“, - აღნიშნა ქადაგიძემ.
მისივე განცხადებით, - "ყველაზე უფრო ადრეული პერიოდი კითხვების შინაარსიდან გამომდინარე იყო 2008 წლის 2 სექტემბერი“.