თურქული კომპანია „ტავ ურბან ჯორჯია“ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განხორციელების საშუალებას არ აძლევს და „ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ისეთი გადასახადები, როგორიც „ტავ ურბან ჯორჯიას“ აქვს დაწესებული, არ არსებობს ევროპის თითქმის არც ერთ აეროპორტში.
„ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ „ტავ ურბან ჯორჯიას“ მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება. „ტავ ურბან ჯორჯიას“ წელიწადში სუფთა მოგების სახით 400 მილიონ ლარზე მეტი გააქვს საქართველოდან, სანაცვლოდ კი თბილისში, რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს, ხოლო ბათუმის აეროპორტში გაუსაძლისი პირობებია. „ტავ ურბან ჯორჯია“ უარს ამბობს მოსაკრებლის შემცირებაზე, ქართული ავიაცია კი სულ უფრო და უფრო ზარალდება. „ტავ ურბან ჯორჯიას“ ტაქსის ფასებიც კი კაბალური აქვს. მაგალითად, თუ თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრი მოინდომებს თბილისის ცენტრამდე ტაქსით წასვლას, მოუწევს ისარგებლოს „"ტავის“ ტაქსით, რაც სულ მცირე 45 ლარი დაუჯდება. (აეროპორტის ტერიტორიაზე სხვა ტაქსის დგომის/დალოდების უფლებას არ აძლევენ).
მივმართავთ თხოვნით საზოგადოებას, ჩვენს როგორც არსებულ, ისე პოტენციურ მგზავრებს, ყველას ვინც თვლის რომ „ტავ ურბან ჯორჯია“ არ უნდა მართავდეს საქართველოს აეროპორტებს, დაგვიდექით გვერდში და სამშაბათს, 12 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთად გავაპროტესტოთ „ტავ ურბან ჯორჯიას“ კაბალური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში“, - ნათქვამია „ჯორჯიან ეარვესისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.