2019 წლის რთველის დროს, რაჭის რეგიონიდან „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშების ყურძნის გატანის შეზღუდვაზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაპარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლის დროს განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მომზადდა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც 2019 წლიდან ნედლეულის რეგიონიდან გატანის შეზღუდვას და ადგილზე გადამუშავებას გულისხმობდა.
„ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა, რომ ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარის“ სანედლეულო ყურძნის ჯიშების „ალექსანდროულისა“ და „„მუჯურეთულის“ გადამუშავება ადგილზე მომხდარიყო. მომზადდა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც გულისხმობდა 2019 წლიდან ნედლეულის რეგიონიდან გატანის შეზღუდვას და ადგილზე გადამუშავებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, რამდენიმე წლის წინ დაიწყო ღვინის საწარმოების საგრანტო დაფინანსების პროგრამა, რათა გაზრდილიყო ადგილზე ტექნიკური შესაძლებლობები.
„შედეგად, გაიხსნა რამდენიმე ახალი მარანი, თუმცა ბოლო შეფასებით, ადგილზე არსებულ საწარმოების რესურსი 700 ტონას აღწევს. გასულ წელს რაჭის რეგიონში 1500 ტონამდე „ალექსანდროული“ და „მუჯურეთული“ გადამუშავდა. ამ ფონზე, აღნიშნული სიმძლავრეების გათვალისწინებით, ადგილობრივ მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პროცესში სირთულეები შეექმნება. ამიტომ, ამაზე კიდევ უნდა ვიმსჯელოთ, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. ამ თემაზე მუშაობა და დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასთან ამ ეტაპზეც გრძელდება“, - აღნიშნა დავითაშვილმა.