სოზარ სუბარი - 2022 წელს ქვეყნის ბიუჯეტის 25% განათლებას მოხმარდება

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განცხადებით, განათლებასთან დაკავშირებით პრემიერის ახალი ინიციატივა - „გზა თავისუფლებისკენ“ მიმართულია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, სიღარიბის დაძლევისკენ და საქართველოს მიერ მოწინავე ქვეყნებს შორის ადგილის დაკავებისკენ.

ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„ყველაფერი დგას ცოდნაზე, განათლებაზე. დღეს, ერთი განათლებული ადამიანი გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები, რომელიც შეიძლება, მიწის წიაღში იმალებოდეს და ამის მაგალითია თუნდაც ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოს წიაღისეულის 40% აქვს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, 2022 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6% უნდა დაიხარჯოს განათლებაზე და ეს უნდა ჩაიწეროს ისეთ კანონში, რომლის შეცვლასაც ვერც ერთი შემდგომი ხელისუფლება ვერ შეძლებს.

„ეს ნიშნავს, რომ 2022 წელს ქვეყნის ბიუჯეტის 25% განათლებას მოხმარდება ანუ ყოველი მეოთხე ლარი წავა განათლების დაფინანსებაზე. ეს ერთბაშად ვერ მოხდება, შეუძლებელია, ასე წინასწარი შემზადების გარეშე და მთელი ეს წინა წლები ამისთვის მზადება იყო. 2013 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, 600 მილიონზე ოდნავ მეტი იყო განათლების ბიუჯეტი, წელს არის მილიარდ ორასი მილიონი ლარი ანუ ორჯერ მეტი და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ჯამში ნახევარ მილიარდზე მეტით გაზრდა იგეგმება, ხოლო 2022 წლისთვის, როდესაც ეს საკანონმდებლო ცვლილებები და პრემიერის მიერ გაჟღერებული ინიციატივა ძალაში შევა, ბიუჯეტმა 3 მილიარდ 600 მილიონს უნდა გადააჭარბოს. ეს ნიშნავს ხელფასების მკვეთრ ზრდასაც, ინფრასტრუქტურის სრულად განახლებასაც“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.