სოზარ სუბარი „თიბისი ბანკის“ საქმეზე - მუდმივად ახალი თემები შემოდის, რომ ეს საქმე გადაიფაროს

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიმდინარეობს „თიბისი ბანკის“ საქმის გადაფარვის მცდელობები.

მისივე განცხადებით, „თიბის ბანკსა“ და ეროვნულ ბანკს შორის შეთანხმებაც მიღწეულია და მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბანკთან დაკავშირებული საქმიდან გამიჯნულები არიან.

„თიბისი ბანკსა“ და ეროვნულ ბანკს შორის შეთანხმებაც მიღწეულია. მმართველმა საბჭომ მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები. „თიბისი ბანკის“ მმართველები დაეთანხმდნენ ეროვნული ბანკის მოთხოვნას და არ გაუპროტესტებიათ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ამ საქმიდან არიან გამიჯნულები. აქ არის კონკრეტული საქმე, რომელიც მოხდა 2008 წელს და რომლის ფიგურანტი ორი ადამიანია: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ადამიანები, რომლებიც დღესაც არიან აქციონერები, მაგრამ აღარ არიან „თიბისი ბანკის“ მმართველობაში. ეს ორი რამ მკაფიოდ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან: არის ხაზარაძე და ჯაფარიძე და არის „თიბისი ბანკი“, რომელიც ქართული ეკონომიკისთვის მართლაც საყრდენი ბანკია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, 2008 წლის საქმის გადაფარვის მცდელობა მიმდინარეობს.

„2008 წელს მოხდა სავარაუდო დანაშაული, როგორც პროკურატურა ვარაუდობს. მუდმივად ახალი თემები შემოდის, რომ ეს საქმე გადაიფაროს, ხან ცდილობენ, რომ ეს დაუკავშირონ ანაკლიის პორტს, მაშინ, როცა ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ჯერ ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდება უნდა, შემდეგ ამბობდნენ, რომ „თიბისი ბანკის“ ხელში ჩაგდება უნდოდა. მერე გამოითქვა მოსაზრება, რომ ხელში ჩაგდება კი არ უნდა, საქართველოს ხელისუფლებას სურს ანაკლიის პორტის გაჩერება, იმიტომ რომ ეს რუსეთის ინტერესებშია“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.